ობამა 2014 წლის ბიუჯეტს ხვალ გამოაქვეყნებს

ბიუჯეტის პროექტმა კრიტიკა უკვე დაიმსახურა რესპუბლიკელ და დემოკრატ პოლიტიკოსთა წრეებში
ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ქვეყნის 2014 წლის ბიუჯეტს ხვალ გამოაქვეყნებს. ბიუჯეტის შესახებ მოთხოვნას პრეზიდენტი კონგრესს უგზავნის.

ამერიკელი ლიდერის თქმით, დოკუმენტი ამერიკის საშუალო ფენის გაძლიერებისა და დეფიციტის შემცირებისთვის საჭირო სარეფორმო ინიციატივებს შეიცავს.

ბიუჯეტის პროექტმა კრიტიკა უკვე დაიმსახურა რესპუბლიკელ და დემოკრატ პოლიტიკოსთა წრეებში. წარმომადგენელთა პალატა, სპიკერ ჯონ ბეინერის მეთაურობით, ეწინააღმდეგება გადასახადების გაზრდას.

დემოკრატები კი უკმაყოფილონი არიან პრეზიდენტის მიერ შემუშავებული პოლიტიკით, რომელიც, მათი თქმით, რესპუბლიკელებთან დათმობებზე წასვლას ასახავს და ამ მიზნით ხანდაზმულთა სოციალური დახმარების პროგრამებს ამცირებს.