ტრამპი უნთან შეხვედრას ოპტიმისტურად ელოდება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნთან კარგი შეხვედრის პროგნოზს აკეთებს. ისინი ერთნამეთს ამ კვირას ვიეტნამში შეხვდებიან. თეთრი სახლის ინფორმაციით, მოლაპარაკების მთავარი მიზანი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღებაა.

“ჩემი აზრით, ვიეტნამში ორნახევარი დღე დავრჩებით,” თქვა ტრამპმა თეთრ სახლში. “”და ჩვენ გვაქვს მსოფლიოს იმ ადგილის სრული ბირთვული განიარაღების შანსი, რომელიც ძალიან საშიში იყო.”

ტრამპსა და კიმს შორის პირველი შეხვედრა ივნისში გაიმართა. მაშინ, მოლაპარაკების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “ჩრდილოეთ კორეისგან ბირთვული საფრთხე აღარ მოდიოდა.”

თუმცა, მას შემდეგ, ძალიან ცოტა მტკიცებულება არსებობს იმისთვის, რომ ბირთვული განიარაღების თვალსაზრისით რაიმე პროგრესი არსებობს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რაში მდგომარეობს ფხენიანთან მიღწეული პროგრესი, თეთრი სახლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ მიმდინარე მოლაპარაკების გამო დეტალებზე ვერ ისაუბრებდა.

“ამჟამად, ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და არ მსურს მათი პოზიციები მედიაში გავაჟღერო. საკმარისი იქნება ვთქვა ის, რომ ამ კვირას განვიხილავთ ამ და სხვა საკითხებს.”

ტელეკომპანია “სი-ენ-ენთან” ინტერვიუში, კვირას ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ ამერიკის პოლიტიკაში “არაფერი შეცვლილა.” ვაშინგტონი ფხენიანზე დაკისრებულ ეკონომიკურ სანქციებს გააგრძელებს იმ დრომდე, სანამ არ მოხდება ნახევარკუნძულის “სრული და შემოწმებადი ბირთვული განიარაღება.”