ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატებს კორეული რაკეტების გამოცდის დაგმობის გამო კიცხავს

ხუთშაბათს ჩრდილოეთ კორეამ შეერთებული შტატები მკაცრად გაკიცხა იმის გამო, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე, შეერთებულმა შტატებმა კორეის ბალისტიკური რაკეტების გამოცდა დაგმო.

შეერთებული შტატების ელჩმა კელი კრაფტმა შეხვედრაზე თქვა, რომ ფხენიანის მიერ რაკეტების გამოცდა “ღრმად უკუ-პროდუქტიულია” და საფრთხეს უქმნის მოლაპარაკებებს, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მიერ მისი სარაკეტო და ბირთვული პროგრამების მიტოვებისკენ არის მიმართული.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ელჩის კომენტარები უპასუხისმგებლო იყო. ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტოსთვის მიცემულ განცხადებაში მან თქვა: “შეერთებულმა შტატებმა სულელური რამ გააკეთა, რაც მას ბუმერანგივით დაუბრუნდება და ეს ამასთანავე გადაჭრით დაგვეხმარა მიგვეღო კონკრეტული გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელი გზა ავირჩიოთ."

პრეს-მდივანს დეტალები არ უხსენებია, მაგრამ თქვა, რომ ამერიკული კომენტარები ფხენიანს დაეხმარა მიეღო “კონკრეტული გადაწყვეტილება” იმის შესახებ, თუ როგორ მიუდგეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მიერ წლის ბოლოსთვის დათქმულ საბოლოო ვადას, როდესაც ის შეერთებული შტატებისგან მოლაპარაკებების გასანახლებლად ორმხრივად მისაღები პირობების შეთავაზებას ელის.

შეერთებული შტატები მოლაპარაკებების განახლებას ცდილობდა, მაგრამ ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ არ გააგრძელებს პრეზიდენტ ტრამპის დაჯილდოებას შეხვედრებით, რომელიც მას საგარეო პოლიტიკის წარმატებად შეუძლია მიითვალოს.