შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა დღეს თქვა, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებს სირიიდან შეიარაღებული ძალები გამოჰყავს, ის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ შეიარაღებული წევრების წინააღმდეგ ბრძოლის და ამ დაჯგუფების ზრდის არდაშვების ერთგული რჩება.
პომპეო ჟურნალისტებს ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრ სამეჰ შუქრისთან ერთად, ქაიროში ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ ესაუბრა.
პომპეომ პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები „რეგიონში ეგვიპტისთვის და სხვებისთვის მტკიცე პარტნიორად დარჩება“ და ყველა ქვეყანას დაჟინებით მოუწოდა: „ტერორიზმის გასანადგურებლად“ ნაბიჯები გადადგან.
მან ასევე გააგრძელა ზეწოლა თავის მოკავშირეებზე, რათა ირანზე ზემოქმედება მოახდინონ და კურსი შეაცვლევინონ.
პომპეომ თქვა: „ვიმსჯელეთ მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის უდიდესი საფრთხისადმი წინააღმდეგობის გაწევის საჭიროებაზე, ეს საფრთხე ირანის რეჟიმი და მისი, ტერორიზმის და ნგრევის კამპანიებია“.
შეერთებული შტატების პირველი დიპლომატი, ხუთშაბათს პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ელ-სისისაც შეხვდა და შეხვედრის შემდეგ, ამერიკის მხრიდან ახლო აღმოსავლეთში რელიგიური თავისუფლების დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლის პირობა დადო.
პომპეო ახლო აღმოსავლეთში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება, სადაც იმის გარდა, რომ მთავრობებს დაჟინებით მოუწოდებს ირანზე ზემოქმედება სცადონ, ასევე არწმუნებს, რომ სირიიდან ჯარების გამოყვანის მზადებასთან ერთად, შეერთებული შტატების ანტიტერორისტული ძალისხმევა შენარჩუნდება.
ეგვიპტეში გამგზავრებამდე, ოთხშაბათს, პომპეო დაუგეგმავი ვიზიტით ერაყში ჩავიდა. ერაყის მთავრობის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პომპეო ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა.