დაზვერვის სამსახურის შესახებ რეფორმა მზადდება

ამერიკელი კანონმდებლები გამოდიან წინადადებით, რომ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს სატელეფონო მოსმენების და ინტერნეტ კონტროლის უფლება ჩამოერთვას
შეერთებული შტატების სენატორები ორივე პარტიიდან ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ტერორისტების და სხვა საეჭვო პირების საქმიანობის დაზვერვის სპეციფიკაში ცვლილებების შეტანაზე მუშაობენ. ამერიკის ხმის კორესპონდენტი კენტ კლაინი იმის შესახებ მოგვითხრობს, რომ ზოგიერთი კანონმდებლის სურვილია შეიზღუდოს ან საერთოდ შეწყდეს მოსახლეობის სატელეფონო საუბრების მოსმენა და ინტერნეტის მეშვეობით კონტროლი.


ცოტა ხნის წინ კენიაში, ქალაქ ნაირობის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის განცხადებით, იმის მიზეზი გახდა რომ სააგენტომ კვლავ გააგრძელოს აპრობირებული სპეციფიკით ინფორმაციის მოპოვება.


ვაშინგტონში გამართულ კიბერნეტიკული უსაფრთხოების სემინარზე, გენერალმა კეიტ ალექსანდერმა განაცხადა, რომ სააგენტოს სჭირდება შესაბამისი საშუალებები იმისათვის, რომ შეერთებულ შტატებში ნაირობის მსგავსი თავდასხმის პრევენცია მოახდინონ.


გენერალი ალექსანდერი: შეშფოთებულია იმით, თუკი ამგვარი პრევენციის განხორციელების საშუალება არ იქნება. უნდა გახსოვდეთ რა მოხდა გასულ კვირას და იფიქროთ იმაზე, რა შეიძლება ხვალ მოხდეს. თუ ფიქრობთ დღეს ინფორმაციის მოპოვება ცუდი საქმეა, შედეგად მივიღებთ რამდენიმე მსგავს შემთხვევას ამ ქვეყანაში, ისეთს, რასაც უკვე ადგილი ჰქონდა ნაირობში, ჩვენ კიდევ უფრო სხვაგვარი უფრო სერიოზული გამოწვევები გვაქვს, რასაც ინფორმაციის არ ქონის შემთხვევაში ვერ გავუმკლავდებით.


ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლის, ედუარდ სნოუდენის მიერ სააგენტოს მუშაობის სპეციფიკის გამოაშკარავებას, რაშიც ამერიკაში და საზღვარგარეთ მყოფი ადამიანების სატელეფონო მოსმენები და პირადი ინფორმაციის კონტროლი შედიოდა, ამერიკაშიც და უცხოეთშიც სერიოზული რეაქციები მოყვა.


სენატის სადაზვერვო კომიტეტის წევრები საკანონმდებლო შესწორებებზე მუშაობენ, რომელიც ან შეზღუდავს ან საერთოდ აქამდე არსებული ინფორმაციის მოპოვების სპეციფიკის გაუქმებას გამოიწვევს.
დემოკრატი სენატორი რონ ვაიდენი მომხრეა რომ სატელეფონო საუბრების მასობრივი მოსმენა და ინტერნეტ-კონტროლი საერთოდ აიკრძალოს.


რონ ვაიდენი: სადაზვერვო სამსახურების მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებულმა ათობით დამაბნეველმა განცხადებამ ამერიკაშიც და მის ფარგლებს გარეთაც უკვე გამოიწვია უნდობლობა ამ სამსახურის მიმართ. საზღვარგარეთის ქვეყნებში მთავრობის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ხელისუფლების მიმართ რწმენა აღარ აქვთ. ეს პატარა ამბავი არ არის.


ამ თემის გამო ბრაზილიის პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს თეთრ სახლში შეხვედრა გააუქმა. ამერიკა მან გაეროს გენერალურ ასამბლეის სხდომაზე გააკრიტიკა.


დილმა რუსეფი: ერთი ქვეყნის მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა გარანტირებული არ უნდა იყოს სხვა ქვეყნის ადამიანის და სამოქალაქო ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევის ხარჯზე.


თუმცა გენერალი ალექსანდერი აცხადებს, რომ ამერიკის ბევრი მოქალაქე, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ სატელეფონო და ინტერნეტ-კონტროლს ეწინააღმდეგება, სამწუხაროდ მასმედიაში არასწორად გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა.


კიბერ-უსაფრთხოების სემინარზე მან განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო სატელეფონო საუბრებიდან და ინტერნეტ-მონაცემებიდან შინაარსის მონიტორინგს არ ახდენს.


მან განაცხადა ისიც, რომ შეერთებული შტატების მოკავშირეები მონაცემთა მოპოვებას მიესალმებიან, რადგან ეს მათ თავიანთ ქვეყნებში ტერაქტების აღკვეთაში ეხმარება.


გენერალი ალექსანდერი: ბევრმა ადამიანმა მას ჰკითხა თუ როგორ აისახა ეს სკანდალი მოკავშირეებთან ურთიერთობაში. მისი თქმით უცხოელი კოლეგები მათთან თანამშრომლობას აგრძელებენ. სადაზვერვო სამსახურის მუშაობის შედეგად სხვა ქვეყნების უსაფრთხოების დაცვაც ხდება.


სენატის კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი სენატორი დაიან ფაინსტაინი აცხადებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ სატელეფონო და ინტერნეტ-კონტროლის მეშვეობით ინფორმაციის მოპოვება უნდა გააგრძელოს. ის მომხრეა რომ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მუშაობა მხოლოდ სატელეფონო საუბრების და ინტერნეტ მიმოწერის შინაარსის მოპოვების მხრივ შეიზღუდოს.