ედუარდ სნოუდენმა, რომელიც ამერიკული დაზვერვის ირგვლივ ატეხილი საერთაშორისო სკანდალის მთავარი გმირია, რუსეთის მთავრობის მიერ თავშესაფრის მიცემისთანავე, აეროპორტის შენობა დატოვა და მოსკოვში გავიდა. მასზე ჯაშუშობის ბრალდებით შეერთებულ შტატებს ძებნა აქვს გამოცხადებული.
სნოუდენი არ არის პირველი უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს (NSA) თანამშრომელი, რომელმაც პოლიტიკური თავშესაფარი რუსეთში იპოვა. უილიამ მარტინმა და ბერნონ მიტჩელმა ანალოგიური გზა დაახლოებით 50 წლის წინ, ჯერ კიდევ ე.წ. „რკინის ფარდის“ პერიოდში გაიარეს. ამერიკაში ასე უწოდებდნენ ცივი ომის პერიოდში სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს. მაშინ საბჭოთა კავშირის ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი იყო, რომელიც თანამდებობაზე სულ რამდენიმე თვის დანიშნული გახლდათ. შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ვადას კი დუაიტ ეიზენჰაუერი ასრულებდა, რომელიც სამიოდ თვეში ჯონ კენედიმ შეცვალა. ამ შემთხვევას და სნოუდენის საქმეს შორის ბევრი ანალოგიის მოძებნა შეიძლება. ისტორია, როგორც ამბობენ ხოლმე, ხშირად მეორდება.
მარტინი და მიტჩელი მეგობრები იყვნენ და 1960 წლის სექტემბრამდე შეერთებული შტატების უსაფრთხოების ეროვნულ სააგენტოში მუშაობდნენ, რომელიც ჯერ კიდევ პრეზიდენტ ტრუმენის დროს შეიქმნა. ორივე ახალგაზრდა, ისევე როგორც სნოუდენი, ტექნოლოგიების სფეროში იყო დასაქმებული. მატინი და მიტჩელი უმაღლესი ტექნოლოგიების დარგში მუშაობდნენ, რომლის კოდური დასახელება კრიპტოლოგია იყო.
დევიდ ბარეტი, ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტი ვილანოვას უნივერსიტეტში, ყვება, რომ სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მარტინს და მიტჩელს გრიფით „სრულიად საიდუმლო“ დოკუმენტაციასთან მოუწიათ შეხება. „მათ მაგალითად, შეიტყვეს, რომ დაზვერვა არამარტო ისეთ მტრულად განწყობილ ქვეყნებთან დაკავშირებულ კომუნიკაციებს ისმენდა, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი, არამედ მოკავშირე ქვეყნების კომუნიკაციის მონიტორინგსაც აწარმოებდა. მათ ჩათვალეს, რომ ეს შეურაცხმყოფელი და ელემენტარულად არასწორი ქმედება გახლდათ“ - ამბობს დევიდ ბარეტი. რის შემდეგაც, მარტინმა და მიტჩელმა გადაწყვიტეს სიტუაციის შესაცვლელად რაიმე ეღონათ.
„მათ დიდი იმედგაცრუება განიცადეს. არამარტო ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს, არამედ პრეზიდენტ ეიზენჰაუერის გამოც. ჩათვალეს, რომ იდეალისტური აზრები, რომლითაც ქვეყნის ლიდერის საჯარო გამოსვლები გამოირჩეოდა, ბოლომდე გულწრფელი არ იყო. შეადარეს ისინი პრეზიდენტის და მთავრობის რეალურ ნაბიჯებს და საბოლოო ჯამში ქვეყნიდან გაქცევა საბჭოთა კავშირის მიმართულებით გადაწყვიტეს“ - ყვება ვილანოვას უნივერსიტეტის პროფესორი.
1960 წლის ზაფხულის ბოლო თვეში მარტინმა და მიტჩელმა სამსახურში თქვეს, რომ ერთთვიან შვებულებას იღებდნენ, რათა ოჯახი და მეგობრები მოენახულებინათ. ამის სანაცვლოდ, ნიუ ორლეანში გაემგზავრნენ. იქიდან მექსიკაში, შემდეგ კი კუბაში გადავიდნენ. სამსახურში რომ აღარ გამოჩდნენ, დაახლოებით 2 თვის შემდეგ, შეერთებული შტატების უსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ შესაძლოა სააგენტოს „მათემატიკოსებმა“ თავშესაფარი რკინის ფარდის მიღმა იპოვეს. მაშინათვე გამოითქვა აზრი, რომ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე მათ ხელი არ მიუწვდებოდათ და დიდი ზიანის მიყენება ამერიკის დაზვერვისთვის ამ ახალგაზრდებს არ შეეძლოთ. აქედან გამომდინარე, ამ ამბისთვის მედიას დიდი ყურადღება არც მიუქცევია. მაგრამ შემდეგ, მარტინმა და მიტჩელმა მოსკოვში პრესკონფერენცია მოაწყვეს, რომლის შემდეგადაც, ექსპერტის თქმით, დაზვერვის ინფორმაციამ კი არ გაჟონა, არამედ მთელი ნიაღვარი წამოვიდა.
ბარეტი ყვება, რომ პრესკონფერენციის შემდეგ ამერიკაში
“უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს შესახებ საჯარო პუბლიკაციები გამოჩნდა. ამ ფაქტამდე შეერთებულ შტატებში ფაქტიურად არც იცოდნენ არაფერი სააგენტოს შესახებ. და მათ, ვინც ვაშინგტონში იყო და ეგონა, რომ სააგენტოს არსებობის და ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, აღმოაჩინა, რომ სრულებითაც არ იყო ეს ის სააგენტო, რაც მათ წარმოედგინათ. მანამდე ორგანიზაციის შესახებ დედაქალაქში პოლიტიკოსები ხუმრობდნენ კიდეც, რომ მისი აბრევიატურა NSA იშიფრება, როგორც No Such Agency“ (შეიძლება ითარგმნოს, როგორც „არარსებული სააგენტო“).
პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა მარტინს და მიტჩელს „საკუთარ თავთან აღმსარებელი მოღალატეები“ უწოდა. ექსპრეზიდენტმა ტრუმენმა კი ისიც თქვა, რომ „ორივე აუცილებლად უნდა დაიხვრიტოს“. მწერალი პიტერ სავოდნიკი, რომელმაც მათზე წიგნი დაწერა, ამბობს, რომ შეერთებულ შტატებში იმედგაცრუებულ დაზვერვის თანამშრომლებს საბჭოთა კავშირში მორიგი ილუზიების მსხვრევა ელოდათ. მათ თითქმის ერთ წელიწადში აღმოაჩინეს, რომ საბჭოთა კავშირი სრულებითაც არ იყო ის სოციალისტური სამოთხე, როგორადაც წარმოედგინათ და მათ წარმოსახვაში არსებული „ჰეფიენდი“ სულაც არ გამოდგა ბედნიერი დასასრული.
“ცივი ომის პერიოდში ეს ხალხი (იგულისხმება ამერიკიდან მოწინააღმდეგე ბანაკში გაქცეული ადამიანები) საკმაოდ სევდიან, უუფლებო, მარგინალიზებულ ჯგუფს წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირი მათთვის იმედის კუნძულის ნაცვლად, მხოლოდ თავშესაფარი გამოდგა“ - ამბობს მწერალი.
მარტინი, რომელმაც რუსული კარგად იცოდა, ვლადიმირ საკალოდსკის გვარით აგრძელებდა ცხოვრებას. ცოლად რუსი ქალი მოიყვანა, მაგრამ მაშინათვე გაცილდა. მას საბჭოთა კავშირში დიდად არ ენდობოდნენ და სერიოზულ სამსახურებში არ ასაქმებდნენ. ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში მოგვიანებით თქვა კიდეც, რომ დიდ იმედგაცრუებას განიცდის იმის გამო, რომ სჯეროდა საბჭოთა კავშირის პროპაგანდის მიერ შექმნილი მითების. და საერთოდ, მიაჩნია, რომ მისი გაქცევა თავის დროზე საკმაოდ „უგუნური ვაჟკაცობა“ იყო. მარტინმა ამერიკის საელჩოს 1979 წელს რეპატრიაციის თხოვნით მიმართა, რაზეც უარი მიიღო და ტურისტული ვიზის უფლებაც კი ვერ მოიპოვა. მან მაინც მოახერხა საბჭოთა კავშირის დატოვება და ცხოვრება მექსიკაში დაასრულა. ის 1987 წელს 56 წლის ასაკში კიბოთი სნეული გარდაიცვალა.
გაცილებით ნაკლები რამ არის ცნობილი მიტჩელის შესახებ. ოფიციალური წყაროების მიხედვით, მას ამერიკის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ის ბოლომდე საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა. მიტჩელი 2001 წელს 72 წლის ასაკში სანკტ პეტერბურგში გარდაიცვალა.
რამდენად იმედგაცრუებული დარჩება ედუარდ სნოუდენი, ამას მომავალი გვიჩვენებს. თუმცა, ის უკვე აცხადებს, რომ რუსეთში ცხოვრება არ სურს. სნოუდენის თქმით, ის საბოლოო დამკვიდრებას სამხრეთ ამერიკაში გეგმავს.