კონსერვატორი კანონმდებლები მთელი ამ წლის მანძილზე, შტატიდან შტატში, ერთმანეთის მიყოლებით კრძალავდნენ სამედიცინო მომსახურების ნაწილს ტრანსგენდერი ახალგაზრდებისთვის. ახლა კი თანდათან მატულობს იმ ფედერალურ მოსამართლეთა რიცხვი, ვინც ახალი კანონის ამოქმედებას აფერხებს.
ასევე ნახეთ: "სიყვარულს ვერ დაამარცხებ" - ივლისში თბილისში "პრაიდის კვირეული" იმართებაჯამში, წელს 20 შტატში აიკრძალა რამდენიმე სახის მკურნალობა, რომელთა შორისაა ჰორმონალური თერაპიის კურსები. კანონს თითქმის ყველგან ასაჩივრებენ. მომჩივანთა შორის არიან ცნობილი უფლებადამცველი ორგანიზაციები: ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირი და ადამიანის უფლებების კამპანია.
შეერთებული შტატების მოსამართლეებმა ახალი კანონის აღსრულება უკვე 6 შტატში შეაჩერეს. ესენია: ალაბამა, არკანზასი, ფლორიდა, ინდიანა, კენტუკი და ტენესი. მოსამართლეთა გადაწყვეტილება ეფუძნება კონსტიტუციის მე-14 შესწორებას, რომელიც ჯანდაცვის მომსახურების თანაბარი უფლებების გარანტორია.
ჯერ კიდევ პროცესშია ორი საჩივარი, რომელიც კანონმდებელთა გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ მონტანის და ჯორჯიის შტატებში აყენებს. მხარეებმა მაისში გადაწყვიტეს, რომ კანონის მოქმედება დროებით შეჩერდეს, ვიდრე მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.