ამერიკამ სირიაში თურქული დრონი ჩამოაგდო

შეერთებულმა შტატებმა 5 ოქტომბერს, სირიის ტერიტორიაზე თურქული სამხედრო დრონი ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონი ავრცელებს. ეს პირველი შემთვევაა, როცა ვაშინგტონმა ნატოს მოკავშირე ქვეყნის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, წერს საინფორმაციო სააგენტო "როიტერი".

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დრონი თურქეთის შეიარაღებულ ძალებს არ ეკუთვნოდა, მაგრამ არ უთქვამს, თუ ვისი საკუთრება იყო ის.

ასევე ნახეთ: რუსეთი ამბობს, რომ ერთ ღამეში 31 უკრაინული დრონი ჩამოაგდო

პენტაგონის სპიკერი, ბრიგადის გენერალი პეტ რაიდერი ამბობს, რომ თურქული უპილოტო საფრენი აპარატი სირიაში მაშინ ჩამოაგდეს, როცა ის მიუახლოვდა ამერიკულ ჯარებს ნახევარი კილომეტრის მანძილზე. ამერიკის თავდაცვის უწყების განცხადებით, თურქეთი იერიშებს ახორციელდებდა ბაზიდან ერთი კილომეტრის დაშორებით.

პენტაგონის სპიკერი ამბობს, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება ამერიკული თვითმფრინავით „ეფ-16“ მოხდა/ „ჩვენ არ გვაქვს მინიშნება იმაზე, რომ თურქეთი განზრახ უმიზნებდა ამერიკის შეერთებული შტატების ძალებს“, - თქვა პეტ რაიდერმა.

მომხდარის შემდეგ ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი თურქ კოლეგას ესაუბრა. მხარეები ადასტურებენ, რომ ზარი „ნაყოფიერი“ იყო.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი სირიაში ქურთების შენაერთებზე იერიშებს ახორციელებს. ოპერაციებს თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სააგენტო წარმართავს. იერიშები მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ უქმეებზე ანკარაში ბომბი აფეთქდა.

ასევე ნახეთ: საქართველოს ეკონომიკა, როგორც უკრაინის ომისა და რუსეთის ირიბი ბენეფიციარი

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათი იერიშების შედეგად ჩრდილოეთ სირიაში, ქურთი მებრძოლების 30 სამიზნე განადგურდა. მათ შორის სახელდება ნავთობის ჭაბურღილი, საწყობები და თავშესაფრები. „განეიტრალებულია“ ბევრი მებრძოლი, ნათქვამია ოფიციალური ანკარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.