ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ისრაელსა და "ჰამასს" ძალისხმევა არ დაიშურონ, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად. ომი ღაზაში უკვე თითქმის 11 თვეა გრძელდება. 100-ზე მეტი მძევალი, რომელიც ისრაელიდან "ჰამასის" მებრძოლებმა 7 ოქტომბრის თავდასხმისას გაიტაცეს, კვლავ ტყვეობაში იმყოფება.
"ათობით მძევალი კვლავ ღაზაში რჩება, კვლავ ელოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას, რომელმაც ისინი შინ უნდა დააბრუნოს. დროა ეს შეთანხმება ბოლომდე მივიდეს", - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.
გასულ კვირაში ისრაელის ჯარმა ერთი მძევალი ცოცხალი გაათავისუფლა, ამის შემდეგ კი, რამდენიმე დღეში 6 მოკლული მძევალი იპოვეს. ნეთანიაჰუს მთავრობას მოსახლეობის ნაწილი ადანაშაულებს, რომ მძევლების დაბრუნება მისი უპირველესი პრიორიტეტი არაა და მათ გასათავისუფლებლად, ის საკმარის ძალისხმევას არ დებს მოლაპარაკებებში.
"ისრაელის ხალხს აღარ შეუძლია მეტი მოცდა. პალესტინელ ხალხს, რომელიც ასევე იტანჯება ამ ომის საშინელი გავლენით, არ შეუძლია მეტის მოცდა. მსოფლიო ვერ მისცემს თავს უფლებას კიდევ მეტხანს დაიცადოს", - თქვა მეთიუ მილერმა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა სამშაბათს. მისივე განმარტებით, შეერთებული შტატები მომდევნო რამდენიმე დრის განმავლობაში განაგრძობს მუშაობას ეგვიპტისა და კატარის შუამავლებთან ერთად, რათა მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ.
ისრაელმა ომი გასული წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, დასავლეთის მთელი რიგი ქვეყნების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის პასუხად. „ჰამასმა“ თავდასხმის დროს 1 200 ისრაელელი მოკლა, მეტწილად, მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, დაჯგუფებამ 250 ადამიანი დაატყვევა და ღაზაში მძევლად წაიყვანა. ნოემბერში, ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად, 100-ზე მეტი მძევალი გათავისუფლდა. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ მძევალთა დაახლოებით მესამედი მოკლულია.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ ისრაელის მიერ დაწყებული საპასუხო ომის შედეგად, პალესტინელთა შორის მსხვერპლმა 40 000-ს გადააჭარბა. ისინი არ აკონკრეტებენ, დაღუპულთა შორის, რამდენი მეომარია და რამდენი - მშვიდობიანი მოქლაქე. თავის მხრივ, მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე, ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში მიმდინარე ომში, „ჰამასის“ 17 000-ზე მეტი მებრძოლი მოკლა.
Your browser doesn’t support HTML5