ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი: ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელი აშშ-ის წინადადებაზე თანახმაა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში ორშაბათს საღამოს განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ამერიკული „ხიდის შემქმნელი წინადადება“ მიიღო და ახლა ჯერი „ჰამასსზეა“.

„ახლა იგივე უნდა გააკეთოს "ჰამასმა“ და შემდეგ, ეგვიპტელი, კატარისა და ამერიკელი შუამავლების დახმარებით, „შეიკრიბონ და პროცესი დაასრულონ“, - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს. სახელმწიფო მდივანს არ უსაუბრია იმის შესახებ, არის თუ არა სამშვიდობო წინადადებაში „ჰამასის“ შეშფოთებები გათვალისწინებული.

იმავდროულად, ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორიდან ექვსი მძევლის ცხედარი გამოიტანეს.

ისრაელის შემდეგ, მოლაპარაკებებისთვის, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ეგვიპტესა და კატარში გაემგზავრა.

გასულ კვირას, დოჰაში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დროს, შეერთებულმა შტატებმა მხარეებს წინადადება შესთავაზა. დისკუსიები კაიროში ამ კვირაში განახლდება. ბლინკენმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ „ჰამასი“ დაეთანხმება მოლაპარაკებას, კვლავ რჩება „კომპლექსური საკითხები“, რომლებიც „ლიდერების რთულ გადაწყვეტილებებს“ მოითხოვს. მას დეტალებზე არ უსაუბრია.

„არასდროს დავნებდებით“, - თქვა ბლინკენმა, როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შეიძლება თუ არა, შეთანხმებისთვის დრო ამოიწუროს. მისი შეხვედრა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ანალიტიკოსთა ნაწილი შეთანხმების პერსპექტივისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი.

„სურილებით გამოხატულ ბევრ ფიქრს ვხედავთ და ეს იმიტომ ხდება, რომ ფსონები ძალიან მაღალია, რადგან ამ კონფლიქტის საზღვრებს მიღმა ესკალაციის პოტენციალი არსებობს“, - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის“ მკვლევარი, მირეტ მაბრუკი.

ისრაელის მთავრობის სპიკერმა ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნეთანიაჰუ „მტკიცედ დგას პრინციპზე“, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები შეინარჩუნებენ ფიზიკურ ყოფნას ფილადელფის დერეფანში - ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის საზღვარზე, რათა თავიდან აიცილონ ის, რასაც ისინი აღწერენ, როგორც „ჰამასის“ სასიკვდილო იარაღით მომარაგებას.

მანამდე, „ჰამასმა“ ნეთანიაჰუ შუამავლების ძალისხმევისთვის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა. სამი აბუ ზუჰრიმ, „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს წევრმა, უარყო განცხადებები, რომ დოჰაში ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ პროგრესის ნიშნები "ილუზიაა".

ომი 7 ოქტომბერს, არაერთი დასავლური ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო. ისრაელზე თავდასხმისას, „ჰამასმა“ 1 200 ადამიანი მოკლა, მეტწილად, მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, დაჯგუფებამ 250 ადამიანი დაატყვევა და ღაზაში მძევლად წაიყვანა. ნოემბერში, ცეცხლის შეწყვეტის ხანმოკლე შეთანხმების შედეგად, 100-ზე მეტი მძევალი გათავისუფლდა. მიიჩნევა, რომ ღაზაში, დაახლოებით 110 მძევალი კვლავ რჩება. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ მძევალთა მესამედი მოკლულია.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ ისრაელის საპასუხო ომის შედეგად, ამ დრომდე, პალესტინელთა შორის მსხვერპლმა 40 000-ს გადააჭარბა. ისინი არ აკონკრეტებენ, დაღუპულთა შორის, რამდენია მებრძოლი და რამდენი მშვიდობიანი მოქლაქე. თავის მხრივ, მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში მიმდინარე ომის განმავლობაში, „ჰამასის“ 17 000-ზე მეტი მებრძოლი მოკლა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG