თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები განიხილავს იემენის მეამბოხე ჰუსიტების დაჯგუფების „ტერორისტებად დასახელების“ შესაძლებლობას. ეს გადაწყვვეტილება შეიძლება დაჯგუფების მიერ სატვირთო გემის დაკავების საპასუხოდ მიიღონ.
კირბის კომენტარი მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პირველი ქმედება 2021 წლის იანვარში თანამდებობის დაკავების შემდეგ ჰუსიტების ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღება იყო. ეს იმ მოსაზრებით გადაწყდა, რომ მის წინააღმდეგ სანქციებს შესაძლოა იემენში ჰუმანიტარული კრიზისის გაუარესება მოჰყოლოდა.
ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა, რომლებიც "ჰამასთან" სოლიდარობის ნიშნად უპილოტო თვითმფრინავებსა და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ისროდნენ ისრაელის მიმართულებით, კვირას წითელი ზღვის სამხრეთში სატვირთო გემი Galaxy Leader დააკავეს და განაცხადეს, რომ ის ისრაელის საკუთრებაშია.
კირბიმ ჰუსიტების მიერ გემის დაკავებას "საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა" უწოდა და თქვა, რომ ამაში ირანი „თანამონაწილეობს“.
”ამის გათვალისწინებით, ჩვენ დავიწყეთ პოტენციურად დაჯგუფების ტერორისტებად გამოცხადების განხილვა და ვმსჯელობთ სხვა ვარიანტებზე ასევე ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად”, - თქვა კირბიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. მან ჰუსიტებს გემისა და მისი საერთაშორისო ეკიპაჟის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
ბაჰამის დროშის ქვეშ მცურავი ავტომზიდი იაპონური Nippon Yusen-ის მიერაა დაქირავებული. ის ეკუთვნის კომპანიას რომელიც რეგისტრირებულია Isle of Man-ის სათაო ოფისში Ray Car Carriers-ში. ეს უკანასკნელი არის თელ-ავივის ინკორპორირებული Ray Shipping-ის ერთეული, LSEG-ის მონაცემებით.
ირანი გემის დაკავებაში მონაწილეობას უარყოფს. ავტომზიდის მფლობელის განცხადებით, გემი გადაყვანილია ჰუსიტების მიერ კონტროლირებად სამხრეთ იემენის პორტში, ჰოდეიდაში.
იემენში სამოქალაქო ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2014 წელს შიიტმა ჰუტისებმა დედაქალაქი სანა დაიკავეს. საპასუხოდ, ქვეყანაში სამხედრო მოქმედებებში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია ჩაერია.