შეერთებულ შტატებზე გასულ თვეში მიტანილი მასობრივი კიბერ თავდასხმის გამომძიებლები აცხადებენ, რომ თავდასხმა რუსეთიდან მოხდა. სადაზვერვო სამსახურების მიერ გამოქვეყნებულ გაფრთხილებაში ნათქვამია, რომ კიბერ თავდასხმა, რომელმაც გავლენა იქონია ამერიკის მთავრობის ათზე მეტ სააგენტოსა და ათასობით კერძო კომპანიაზე, დიდი ალბათობით, რუსეთიდან მომდინარეობს.
ასევე ნახეთ: ჰაკერებმა "მაიკროსოფტის" საწყის კოდზე წვდომა მოიპოვესთავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, კიბერ და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტომ, ეროვნული დაზვერვის დირექტორატმა და ეროვნული უშიშროების სააგენტომ პირველი საჯარო განცხადება გააკეთეს. მათი დასკვნებით, აღნიშნული თავდასხმა მიმდინარე ჯაშუშური საქმიანობის ერთ ნაწილია.
„ეს საქმე მიუთითებს იმაზე, რომ „დახვეწილი მუდმივი საფრთხე,“ რომელიც სავარაუდოდ, რუსული წარმოშობისაა, უკავშირდება თითქმის ყველა ბოლოდროინდელ კიბერ თავდასხმებს როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ქსელებზე,“ ნათქვამია საგამომძიებლო და სადაზვერვო სააგენტოების განცხადებაში.
„ამ დროისთვის, მიგვაჩნია, რომ ეს დაზვერვის მოსაგროვებელი ძალისხმევა იყო, რომელიც ახლაც გრძელდება. ჩვენ ვდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს ამ კამპანიის სრული მასშტაბების გასაგებად და სათანადოდ ვრეაგირებთ,“ ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ: აშშ-ის მთავრობაზე კიბერ-თავდასხმა შესაძლოა იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე თავიდან ფიქრობდნენუსაფრთხოების სისტემის გარღვევის პირველი მტკიცებულება, რომელიც ტეხასურ პროგრამული მართვის კომპანია „სოლარუინდს“ მოიცავს, დეკემბერში გამოჩნდა. კომპანიის ერთ-ერთმა მომხმარებელმა „ფაიარაიმ“ განაცხადა, რომ მის სისტემაში შეღწევა მოხდა და თავდამსხმელმა კომპანიას კონფიდენციალური ინფორმაცია მოიპარა.
ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ თავდასხმას გავლენა ჰქონდა „სოლარუინდსთან“ დაკავშრებულ 18 000 მომხმარებელზე, მათ შორის, ამერიკის მთავრობის სააგენტოებსა და კერძო კომპანიებზე მსოფლიოს მასშტაბით.
დეკემბრის ბოლოს, კომპანია „მაიკროსოფტმა“ განაცხადა, რომ ჰაკერებმა შეძლეს კომპანიის ყველაზე მკაცრად დაცულ საწყის კოდში შეღწევა, რომელიც „მაიკროსოფტის“ პროგრამებისა და საოპერაციო სისტემების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.
ასევე ნახეთ: რა შეიძლება იყოს აშშ-ის პასუხი ჰაკერულ თავდასხმებზე?მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა „სოლარუინდის“ კლიენტების უზარმაზარ რაოდენობაზე მოხდა, ამერიკის დაზვერვის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ კიბერ შეტევის მომდევნო ნაბიჯები „გაცილებით მცირე რაოდენობის“ კლიენტებზე განხორციელდა. მათ შორის იყო შეერთებული შტატების თავდაცვის, სახელმწიფო, შიდა უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ხაზინისა და ვაჭრობის დეპარტამენტები, ასევე შტატებისა და ადგილობრივი მთავრობების სისტემები.
„ეს სერიოზული დარტყმაა, რომლის გამოსწორებაც მოითხოვს მდგრად და თავდადებულ ძალისხმევას,“ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.