ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯიაში სენატორობის დემოკრატი კანდიდატები დაწინაურდნენ


ჯორჯიის შტატის ორ ოლქში სენატის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით, წინასწარი მონაცემებით, ერთ-ერთ ოლქში დემოკრატმა კანდიდატმა - რაფაელ უარნოკმა გაიმარჯვა. მარტინ ლუთერ კინგის ისტორიული ეკლესიის ბაპტისტმა პასტორმა, რაფაელ უარნოკმა რესპუბლიკელი სენატორი კელი ლოფლერი დაამარცხა და ჯორჯიის შტატის ისტორიაში პირველი შავკანიანი სენატორი გახდება, ამერიკის ისტორიაში კი მე-11 შავკანიანი სენატორი. თითქმის ოცი წელია, რაც ჯორჯიის შტატიდან სენატში დემოკრატ კანდიდატს არ გაუმარჯვია.

ჯონ ოსოფმა კი, დოკუმენტური ფილმების რეჟისორმა და დემოკრატთა მეორე კანდიდატმა დევიდ პერდუს, ასევე მოქმედი რესპუბლიკელი სენატორის წინააღმდეგ მცირე უპირატესობით თავი გამარჯვებულად უკვე გამოაცხადა. თუმცა მედია და კვლევითი ორგანიზაციები ჯერჯერობით, უარნოკისგან განსხვავებით, მისი გამარჯვების დადასტურებისგან, თავს იკავებენ.

ამ დილისთვის დათვლილი იყო ხმების 98 %, უარნოკი 1.2 %-ით უსწრებს ლოფლერს, ოსოფი კი მხოლოდ 16 000 ხმითაა დაწინაურებული, რაც ნახევარ პროცენტზე ნაკლებ უპირატესობას აძლევს და 1 %-ზე ნაკლები განსხვავების შემთხვევაში ხმების გადათვლაც გახდება საჭირო. რესპუბლიკელი სენატორები ამბობენ, რომ გამარჯვების იმედი ჯერ კიდევ აქვთ და დამარცხება ჯერ არც ერთ მათგანს არ უღიარებია.

თუკი ეს შედეგები შენარჩუნდა, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს სენატის 100 მანდატიდან 50-50 ექნებათ, თუმცა გადამწყვეტი ხმა ამ შემთხვევაში სენატის პრეზიდენტს - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს ეკუთვნის. ეს კი არჩეული ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ხმა იქნება. დონალდ ტრამპი კი ამერიკის ისტორიაში 1932 წლის შემდეგ პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც პირველი ვადის შემდეგ თეთრ სახლთან ერთად კონგრესის ორივე პალატას დაკარგავს. ამ შედეგების დამტკიცების შემთხვევაში დემოკრატები თეთრ სახლს და კონგრესის ორივე პალატას გააკონტროლებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG