ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა შეიძლება იყოს აშშ-ის პასუხი ჰაკერულ თავდასხმებზე?


აშშ-ის სამთავრობო უწყებებზე ჰაკერული თავდასმა, რომლის უკანაც, სავარაუდოდ, კრემლთან დაკავშირებული ჰაკერები დგანან, აშშ-ის უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში, მწვავე რიტორიკის საფუძველი გახდა. სენატორი დიკ დრუბინი ამბობს, რომ ეს „პრაქტიკულად ომის გამოცხადებაა“. სენატორი მარკო რუბიო კი ფიქრობს, რომ აშშ-მ მომხდარს სათანადო პასუხი უნდა გასცეს და არა მხოლოდ სანქციებით.

თუმცა, კიბერუსაფრთხოების და სამართლის ექსპერტები ამბობენ, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ჰაკერული თავდასხმა საომარ მოქმედებად არ მიიჩნევა და ის ისტორიაში, სავარაუდოდ, ჟაშუშობის აქტად შევა.

რა ვიცით ჰაკერული თავდასმის შესახებ?

ვიდრე აშშ-ის საგამოძიებო უწყებების ოფიციალური პირები, სახელმწიფო უწყებებზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმას ოფიციალურად დაადასტურებდნენ, სააგენტო „როიტერი“ წერდა რა გზებით მოახერხეს ჰაკერებმა თავდასხმა.

სააგენტოს ინფორმაციით, ჰაკერებმა სამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული, ტეხასური კომპანია „SolarWinds Corp”-ის პროგრამების გატეხვით, სამთავრობო უწყებების თანამშრომლების კომპიუტერებზე წვდომა მოიპოვეს. ყველა იმ კომპიუტერზე, რომელსაც პროგამულად „SolarWinds“ უზრუნველყოფდა. სამთავრობო უწყებებსი კომპიუტერული ქსელების გარდა, თვეების განმავლობაში, ჰაკერებს წვდომა ჰქონდათ კერძო კომპანიებისა და სამეცნიერო ცენტრების სისტემებზე.

წყარომ, რომელიც იცნობს შეერთებული შტატებში მიმდინარე საგმოძიებო პროცესს აცხადებს, რომ სარწმუნოდ დამაჯერებელია, რომ თავდახმა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ განხორციელდა. კრემლი მომხდარში რაიმე სახით მონაწილეობას უარყოფს.

თავდასხმის მასშტაბები სრულად დადგენილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ჰაკერები აშშ-ის რამდენიმე სამთავრობო სააგენტოს ელექტორნულ მიმოწერას აკვირდებოდნენ. მათ შორისაა ვაჭრობის, ხაზინისა და ენერგეტიკის დეპარტამენტები.

ენერგეტიკის დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ მომხდარს აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებაზე გავლენა არ მოუხდენია.

იყო ჰაკერული თავდასხმა საომარი მოქმედება?

კიბერუსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ დანამდვილებით ამის თქმა ნაადრევია, თუმცა მიაჩნიათ, რომ - არა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებისა და საერთაშორისო სამართალთან დაკავშირებული სხვა წყაროების მიხედვით, იმისთვის რომ ქმედება საომარ მოქმედებად ჩაითვალოს, უნდა ჩანდეს გარკვეული დონის ძალა ან განადგურება, რაც ამ შემთხვევაში არ იკვეთება.

„ომი გულისხმობს ძალადობას, სიკვდილსა და განადგურებას“ - ამბობს დუნკან ჰოლისი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი და ტემპელის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი.

ჰოლისი და სხვა ექსპერტები ფიქრობენ, რომ თავდასხმა აშშ-ის სენსიტიური ინფორმაციის მოსაპოვებლად განხორციელდა, ამიტომ ეს მოქმედება ჯაშუშობად უნდა ჩაითვალოს.

„ინფორმაციის მოპარვა, რამდენადაც მიუღებელია ეს ჩვენთვის, არ არის საომარი მოქმედება, ეს ჯაშუშობაა“ - ამბობს ბენჯამინ ფრიდმენი, ანალტიკური ცენტრის, "თავდაცვის პრიორიტეტების" ხელმძღვანელი.

ექპსერტები ამბობენ, რომ კიბერთავდასხმა შესაძლოა ჩაითვალოს საომარ მოქმედებად, თუ ის ფიზიკურ განადგურებას, ან დაზიანებას გამოიწვევს.

თავდაცვის დეპარტამენტის ომის კანონის სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ ზოგიერთი კიბერ ოპერაცია უნდა დაექვემდებაროს იმავე წესებს, რასაც ფიზიკური ან „კინეტიკური“ შეტევები ექვემდებარება. სახელმძღვანელოს მაგალითებს შორისაა, თავდასხმა ბირთვულ სადგურებზე, დასახლებული პუნქტების მხალობლად კაშხლის გახსნა, განადგურების მიზნით, ან საჰაერო მიმოსვლების კონტროლის სისტემის გამორთვა, რაც ავიაკატასტროფებს იწვევს.

ჯონ ბელინჯერი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მთავარი იურისტი, კონდოლიზა რაისის კაბინეტიდან, აცხადებს, რომ ჯერ არ არის ნათელი, შეიძლება თუ არა ეს ჰაკერული თავდასხმა საომარ მოქმედებად ჩაითვალოს.

„ეს შესაძლოა უბრალოდ მასიური ჯაშუშური აქტი იყოს, რაც არ არის საომარი მოქმედება. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რუსებმა უბრალოდ წვდომა მოიპოვეს აშშ-ის სამთავრობო კომპიუტერულ ქსელებზე, თუ რეალურად ხელი შეუშალეს მთავრობის ფუნქციონირებას“ - აცხადებს ბელინჯერი, კვლევითი ცენტრის, „საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“ წარმომადგენელი.

ჰაკერული თავდასხმების პრეცედენტები

2014 წელს, აშშ-ის ადამიანური რესურსების მართვის ფედერალურ სააგენტოზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის შედეგად, ჰაკერებმა მოიპოვეს ფედერალურ უწყებების მილიონობით ყოფილი და მოქმედი თანამშრომლისა და კონტრაქტორების პირადი ინფორმაცია.

2015 წელს, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ყოფილმა დირექტორმა, ჯეიმს კლაპერმა თქვა, რომ იმ თავდასხმის უკან ჩინეთის კვალს ხედავდა. ორი წლის შემდეგ, კონგრესის წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ მისი შეხედულებით, ეს ჯაშუშობის აქტი იყო.

„NotPetya” –ამ სახელით ცნობილი ჰაკერული თავდასხმა, რომელსაც ასევე რუს ჰაკერებს მიაწერენ, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და დამაზიანებელი იყო. ჰაკერულმა თავდასხმამ გამოიწვია პორტების, საერთაშორისო გადამზიდი კორპორაციების პარალიზება.

ოლგა ოლიკერი, აშშ-რუსეთის ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე ექსპერტმა, 2017 წელს სენატის წინაშე განაცხადა, რომ „NotPetya”-ს უკან რუსეთი იდგა.

„ეს არის კიბერ-ოპერაციის მაგალითი, რომელიც შესაძლოა ჩაითვალოს ომად. რადგან, მის მიერ გამოწვეული შედეგები უახლოვდება ეფექტს, რომლის მიღწევაც შესაძლებელია სამხედრო ძალების დახმარებით“ - აცხადებდა ოლიკერი.

რა შეიძლება იყოს აშშ-ის პასუხი?

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ძალის გამოყენების შესახებ არსებული წესების თანახმად, შეერთებული შტატები კიბერ-ოპერაციის საპასუხოდ ვერ გამოიყენებს ძალას, თუ თავად ოპერაციაში არ არის სამხედრო ძლები გამოყენებული.

აშშ-ის პასუხი შეიძლება იყოს დიპლომატიური პორტესტი, ეკონომიკური ემბარგო ან სხვა ზომები და მოქმედებები.

„ჩვენ ვიცით, რომ უამრავი ქვეყანა ჯაშუშური საქმიანობითაა დაკავებული და მათ საპასუხოდ არ ვმბომბავთ“ - ამბობს ფრიდმანი.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასულ კვირას მიანიშნა, რომ ის საპასუხოდ მიზნობრივ ფინანსურ სანქციებს გამოიყენებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG