საიმიგრაციო რეფორმა

კანონპროექტი არალეგალ იმიგრანტებს ამერიკის მოქალაქეობის მიღების საშუალებას აძლევს
შეერთებული შტატების სენატმა გუშინ კენჭი უყარა საიმიგრაციო კანონპროექტის განხილვის დაწყებას, რამაც 11 მილიონზე მეტ არალეგალ იმიგრანტს ქვეყანაში კანონიერად ცხოვრების უფლება უნდა მისცეს.
„ამ დროს დიდი ხანი ველოდებოდი,“ - განაცხადა სენატში უმრავლესობის ლიდერმა ჰარი რეიდმა.
მან კარგად გააცნობიერა ის მომენტი, როდესაც სენატში ამ კანონპროექტის განხილვას ორივე პარტია დაუჭერდა მხარს. დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში არსებული საიმიგრაციო სისტემა რეფორმირებას საჭიროებს. რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო კუბელი იმიგრანტის ოჯახიდანაა.
„ნუთუ ჩვენ დეპორტაცია უნდა გავუკეთოთ ჩვენი უნივერსიტეტების საუკეთესო კურსდამთავრებულებს, მსოფლიო კლასის მეცნიერებს, რომლებიც ფიზიკის, მათემატიკის და ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროებში მოღვაწეობენ?“ - განაცხადა რუბიომ.
კანონპროექტი, რომლის შექმნაში რუბიოც მონაწილეობდა, არალეგალ იმიგრანტებს ამერიკის მოქალაქეობის მიღების საშუალებას აძლევს. თუმცა, ამ შეთავაზების წინააღმდეგ მისცა ხმა რესპუბლიკელმა სენატორმა ალაბამადან ჯეფ სეშენმა.
„ეს კანონპროექტი იმაზე გაცილებით მეტ ადამიანს აძლევს ამერიკაში შემოსვლის ნებას, ვიდრე აქამდე იყო. ეს კი იმ დროს, როდესაც უმუშევრობა ძალიან გაზრიდლია და მისი შემცირების შესაძლებლობა დაბალი, ხელფასები იკლებს და ჩვენი მუშა-მოსამსახურეები უკვე წლების განმავლობაში ინფლაციის შედეგებს განიცდიან,“ - განაცხადა ჯეფ სეშენმა.
რესპუბლიკელები კანონპროექტში ცვლილებების წარდგენას გეგმავენ, მათ შორის საზღვარზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას, რაც კანონპროექტის არსს ეწინააღმდეგება. პრეზიდენტმა ობამამ კონგრესს მოუწოდა, რომ კანონპროექტის მიღება ზაფხულშივე მოხდეს.
„ეხლა არ არის კარგი მიზეზი პროცედურული თამაშების დასაწყებად და დაბრკოლებების შექმნისთვის, რაც უბრალოდ დაბლოკავს კარგ შესაძლებლობას, რასაც წლებია ველოდებით, რათა გადავჭრათ საშუალო კლასის ოჯახების, ბიზნესის მესაკუთრეები და ლეგალური იმიგრანტების პრობლემები,“ - განაცხადა ობამამ.
პრეზიდენტ ობამას გარდა, კონგრესს კანონპროექტის მიღების დაჩქარებას კაპიტოლიუმის წინ შეკრებილი იმიგრანტებიც თხოვენ. კანონის მისაღებად კი სენატის და წარმომადგენელთა პალატის ხმების აბსოლუტური უმრავლესობაა საჭირო.