პალატის სპიკერობის კანდიდატად ჯიმ ჯორდანი დაასახელეს

წარმომადგენელთა პალატის წევრმა ჯიმ ჯორდანმა რესპუბლიკური პარტიის სპიკერის ნომინაცია მოიპოვა. პარტიამ ცოტა ხნის წინ, ისტორიაში პირველად, საკუთარი სპიკერი გადააყენა. მოგვიანებით პარტიამ კანდიდატად სტივ სკალისი დაასახელა. თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ის ულტრა-მემარჯვენე რესპუბლიკელების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდა, კანდიდატურა მოხნა.

ჯიმ ჯორდანს პალატის რესპუბლიკელთა უმრავლესობა უჭერს მხარს, მაგრამ მას სპიკერის პოსტის დასაკავებლად 217 ხმა სჭირდება, რომელიც ამჟამად არ აქვს. კანონმდებლები პარასკევს გვიან ღამემდე მსჯელობდნენ და ორშაბათამდე შეკრებას აღარ აპირებენ.

ამერიკის კონგრესის ქვედა პალატა უკვე ორი კვირაა სპიკერის გარეშეა დარჩენილი. ულტრა-მემარჯვენე რესპუბლიკელთა მცირე ჯგუფმა კევინ მაკკართის გადაყენების შემდეგ ახალი სპიკერის არჩევის პროცესიც გაართულა. "როიტერს" ანონიმური წყარო უდასტურებს, რომ პარტიაში ჯოორდანის კანდიდატურა ჯორჯიელმა ოსტინ სკოტმა დააყენა და მას 124-მა კანონმდებელმა დაუჭირდა მხარი. კენჭისყრის მეორე რაუნდში მას უკვე 152 მხარდამჭერი ჰყავდა. თუმცა ეს კვლავ იმას ნიშნავს, რომ ყოველი მეოთხე რესპუბლიკელი კონგრესმენი მისი სპიკერობის წინააღმდეგია.

ასევე ნახეთ: სკალისი პალატის სპიკერობისთვის აღარ იბრძოლებს

რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატას 221 მანდატით 212-ის წინააღმდეგ აკონტროლებენ. თუკი დემოკრატები ერთხმად რესპუბლიკელი სპიკერის წინააღმდეგ მისცემენ ხმას, რაც მოსალოდნელია, და ჯორდანს 4-ზე მეტი რესპუბლიკელი მაინც არ დაუჭერს მხარს, ის სპიკერი ვერ გახდება. პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე თავად მისი წევრების ნაწილიც შეშფოთებით საუბრობს.

59 წლის კონგრესმენი, რომელმაც პირველად კანონმდებლის მანდატი 2006 წელს მოპოვა, თავადაც პარტიის მემარჯვენე ფლანგს წარმოადგენს. ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლო მოკავსირედ მიიჩნეოდა და არჩევნების გაყალბების თაობაზე მის მცდარ შეხედულებებსაც იზიარებდა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ჯორდანი პრეზიდენტ ბაიდენის იმპიჩმენტის თაობაზე გამოძიების დაწყების მოთავეც იყო. ჯორდანი როგორც წესი უკრაინის დახმარების პაკეტების წინააღმდეგ აძლევდა ხმას და ამბობს, რომ თუკი სპიკერი გახდება, კიევისთვის დახმარების გაგრძელებას ხელს შეუშლის.