შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ, დღეს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს მოუწოდებს თანამდებობიდან გადააყენოს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
ამერიკაში ელოდებიან, რომ კენჭისყრა წინააღმდეგობის გარეშე ჩაივლის და რეზოლუციას დაამტკიცებენ. ამის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტს 24 საათი ექნება იმისთვის, რომ წარმომადგენელთა პალატის მოთხოვნას ოფიციალურად უპასუხოს.
"პრეზიდენტი ჩვენი კონსტიტუციისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ამერიკელი ხალხისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენს. ის დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს თაბამდებობას", თქვა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ.
წარმომადგენელთა პალატა პენსისგან მოითხოვს, რომ მან კონსტიტუციის 25-ე შესწორება გამოიყენოს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი უნდა გამოაცხადოს "უუნაროდ, შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები კაბინეტში". თუმცა, არც პენსს და არც მისი კაბინეტის არცერთ წევრს არ გაუკეთებია მინიშნება იმაზე, რომ ამ შესწორების გამოყენებას და ტრამპის გადაყენებას აპირებენ.
ასევე ნახეთ: 13 000 პოლიციელი და 10 000-ზე მეტი ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი - ვაშინგტონში უსაფრთხოება მკაცრდებატრამპი და პენსი ერთმანეთს გუშინ ღამით, თეთრ სახლში შეხვდნენ. ეს მათი პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და იქაურობა დაარბიეს.
ადმინისტრაციის ერთ-ერთი წევრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის დროს, ტრამპმა და პენსმა თქვეს, რომ "ადამიანები, ვინც კანონი დაარღვია და კაპიტოლიუმში შეიჭრა, არ წარმოადგენენ "ამერიკა პირველ რიგში" მოძრაობას, რომელსაც 75 მილიონზე მეტი ამერიკელი უჭერს მხარს".
გასული კვირის ოთხშაბათს, როდესაც კაპიტოლიუმში შევარდნის შემდეგ, კონგრესი მაინც შეიკრიბა არჩევნების სერტიფიცირებისთვის, სწორედ მაიკ პენსმა გამოაცხადა საბოლოო გამარჯვებულებად ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი. ამ ნაბიჯმა დონალდ ტრამპისა და რესპუბლიკელების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ პენსს რეზოლუცია, დიდი ალბათობით, დღეს გადაეგზავნება, წარმომადეგნელთა პალატა, ცალკე იმპიჩმენტის რეზოლუციასაც ამზადებს. ნენსი პელოსი აცხადებს, რომ თუ პენსი უარს იტყვის გამოიყენოს 25-ე შესწორება, მაშინ, პალატა იმპიჩენტის პროცესს დაიწყებს.
ასევე ნახეთ: ტრამპის ანგარიშის შეჩერების შემდეგ, "ტვიტერის" აქციები 7%-ით დაეცატრამპის პრეზიდენტობის დრო 20 იანვარს, შუადღის 12 საათზე იწურება, მაგრამ კანონმდებლები თვლიან, რომ ის ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს და მიუხედავად ასე მცირე დროისა, ტრამპს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
4-გვერდიან იმპიჩმენტის რეზოლუციაში, რომელიც პალატამ მოამზადა, წერია, რომ ტრამპმა "მოახდინა იმის დემონსტრაცია, რომ თუ კაბინეტში დარჩენის უფლებას მივცემთ, ის დარჩება ეროვნული უსაფრთხოების, დემოკრატიისა და კონსტიტუციის საფრთხედ. ის, კანონის უზენაესობასა და თვითმმართველობასთან მიმართებაში, მკაცრად შეუსაბამოდ მოქმედებდა".
რეზოლუციას დემოკრატების უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს, თუმცა ჯერ უცნობია, რა პროცედურების გავლით აპირებს წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტის იმპიჩმენტს და სენატისთვის საბუთების გადაგზავნას. იმისთვის, რომ ტრამპს უფლებამოსილება შეუჩერდეს, პალატაში იმპიჩმენტის პროცედურის შემდეგ, სენატში სასამართლოს ტიპის მოსმენა უნდა ჩატარდეს, სადაც კანონმდებლებმა საბოოლოოდ უნდა გადაწყვიტონ პრეზიდენტის ბედი.
მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდება ტრამპის იმპიჩმენტისა, თუ თანამდებობიდან გადაყენების პროცესი, 20 იანვარს, მაინც გაიმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია.
ასევე ნახეთ: პელოსის გეგმა ტრამპის თანამდებობიდან გადასაყენებლადინაუგურაციას არ დაესწრება მოქმედი პრეზიდენტი ტრამპი. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და მისი მეუღლე, ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ.
კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქში განსაკუთრებულად გამკაცრებულია უსაფრთხოების ნორმები. კაპიტოლიუმს, სადაც პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა ფიცი უნდა დადონ, რკინის ღობე აქვს შემოვლებული. ქალაქში შეირაღებული დაცვაა მობილიზებული. ასევე, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს აქვს ინფორმაცია ინაუგურაციის დღეს, შესაძლო, თავდასხმის მცდელობების შესახებ.