ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალეხანდრო მაიორკასი ამბობს, რომ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარი მეზობელ მექსიკასთან "უსაფრთხო" და "ჩაკეტილია". ამ საზღვრის გადმოკვეთით ამერიკაში შემოსვლის იმედი კი ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან წამოსულ უამრავ მიგრანტს აქვს. მიგრანტთა გადაადგილების ასეთი ტემპები 20 წელია არ დაფიქსირებულა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლა 15 000-მდე მიგრნატი ბავშვია, რომელთაც მშობელი ან ოჯახის ზრდასწრული წევრი თან არ ახლდა. მაგრამ მაიორკასი ამბობს, რომ ამერიკა კანონმდებლობით ვალდებულია, მათზე იზრუნოს იმის ნაცვლად, რომ ისინი მშობლიურ ქვეყნებში გააძევოს, როგორი პოლიტიკაც, მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპის დროს იყო.
მაიორკასი ასევე ამბობს, რომ ტყუილია, თითქოს მიგრნატ ბავშვებს წინა ადმინისტრაციის პირობებში ჰუმანურად ეპყრობოდნენ.
"წინა ადმინისტრაციამ თავშესაფრის პროცესი დაშალა", - თქვა მაიორკასმა "ფოქს ნიუსის" კვირის გადაცემის ეთერში. "ჩვენ მოვუწოდებთ ოჯახებს, არ გამოგზავნონ ბავშვები ჩვენს საზღვრებთან", - დასძენს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაგრამ განმარტავს, რომ თუკი ბავშვი გადმოკვეთს ამერიკის საზღვარს, მათზე იზრუნებენ, დატოვებენ სპეციალურ დაწესებულებაში რამდენიმე დღის განმავლობაში, შემდეგ კი გაგზავნიან ან ამერიკაში მცხოვრებ ნათესავებთან ან წინასწარ, სპეციალურად შემოწმებულ იმ ოჯახებში, რომლებიც მზად არიან მათზე იზრუნონ.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირას განაცხადა, რომ მექსიკასთან საზღვარზე ჩასვლას გეგმავს. ამასთან, განმარტა, რომ მისი ადმინისტრაცია მუშაობს იმისთვის, რომ პოტენციურმა მიგრანტებმა სამართლებრივი და თავშესაფრის მიღების პროცედურები თავიანთ ქვეყნებშივე დაიწყონ. თუმცა ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ ბაიდენის პოლიტიკისა და განცხადებების გამო, იმის გამო, რომ მან შეწყვიტა მექსიკასთან კედლის მშენებლობა, ბოლო დროს საზღვართან მისული მიგრნატების რიცხვი გაიზარდა, რადგან ისინი იმედოვნებენ, რომ ამერიკაში უფრო ადვილად მოხვდებიან.