ამერიკის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი თანამშრომელი შესაძლოა ებოლას ვირუსით დაინფიცირდა. ის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პაციენტებს მკურნალობდა. შეერთებულ შტატებში ის შაბათს დაბრუნდა და ნებრასკაში, კარანტინში იმყოფება.
მას დაავადების სიმპტომები არ გამოუმჟღავნებია და ორი კვირის განმავლობაში ნებრასკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში, კარანტინში დარჩება. ამ პირის ვინაობა არ სახელდება.
სიმპტომები, როგორიცაა სიცხე და მუცლის ტკივილი, შესაძლოა სამი კვირის შემდეგაც კი გამოვლინდეს მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირს დაავადებულ ადამიანთან შეხება ჰქონდა - აცხადებს, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი. თუკი დაზარალებულს სიმპტომები გამოუვლინდება, მას ნებრასკის ბიოლოგიური იზოლაციის დაწესებულებაში მოათავსებენ, რათა დაავადების გავრცელება აიცილონ თავიდან. ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის ასეთი დაწესებულება შეერთებულ შტატებში სულ რამდენიმეა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობებით, ებოლას ვირუსი მასშტაბურად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მეორედ დაახლოებით 6 თვის წინ გავრცელდა. 585 დაავადებული პირიდან 356 გარდაიცვალა.
ნებრასკის სამედიცინო დაწესებულებების ქსელი და მასთან დაკავშირებული პირები სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ებოლას მკურნალობის საქმეში წამყვანი სპეციალისტები არიან.