რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე დიდი შვიდეულის ევროპელი წევრების დაყოლიება პრეზიდენტ ობამასთვის გამოწვევა იყო. არსებულ სანქციებს ვადა ორ თვეში გასდის. ობამა იმედოვნებდა, რომ რუსეთს, ერთიანობით განმტკიცებულ გზავნილს მიაწვდიდა. ორშაბათს ამერიკის პრეზიდენტმა მართლაც მიიღო ის, რაც მას სურდა.
„ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს შეინარჩუნებენ, სანამ მინსკის შეთანხმება სრულად არ შესრულდება. ეს, ევროკავშირის არსებული სექტორული სანქციების ივლისის შემდეგ გაგრძელებას ნიშნავს.“
შეერთებულ შტატებს და დიდი შვიდეულის წევრებს მოსკოვისთვის გაფრთხილებაც ჰქონდათ მიცემული. ჯგუფის წევრები მზად არიან მოსკოვს დამატებითი, მნიშვნელოვანი სანქციები დაუწესონ, თუ რუსეთი უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემას არ დაიწყებს.
ორდღიანი შეხვედრის დასასრულს ობამამ თქვა, რომ ვლადიმირ პუტინს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
„გააგრძელებს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის ნგრევას და გააგრძელებს რუსეთის იზოლაციას იმისთვის, რომ საბჭოთა იმპერიის დიდების ხელახლა შექმნის გიჟურ სურვილს მისდიოს? თუ აღიარებს, რომ რუსეთის სიდიადე სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევაზე არ არის დამოკიდებული?“
პრეზიდენტმა ობამამ ხაზი გაუსვა საკუთარ ძალისხმევას, პარტნიორებთან ვრცელი სავაჭრო შეთანხმებების დადების საქმეში, როგორც წყნარი, ასევე ატლანტის ოკეანის აუზში. მან ასევე ევროპას საბერძნეთის დავალიანების კრიზისის გადაწყვეტაში დახმარებისკენ მოუწოდა.
ორშაბათს, ტერორიზმის თემაზე სესია დასრულდა-საკითხი, რომელიც დიდ შვიდეულს საკმაოდ აშფოთებს. ზოგიერთი წევრი, შეერთებული შტატების ლიდერობით, ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს მებრძოლების წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებში მონაწილეობს.
პრეზიდენტი ობამა ერაყის პრემიერ მინისტრ ჰაიდერ ალ-აბადის შეხვდა, რომელმაც თქვა, რომ ცოტა ხნის წინ, ქალაქ რამადის დაცემა, ერაყის ძალებისთვის მხოლოდ დროებითი მარცხი იყო. ორმა ლიდერმა „ისლამური სახელმწიფო“-ს საწინააღმდეგო სტრატეგიაზე ისაუბრა.
ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ამერიკამ ერაყის ჯარების წვრთნა უნდა დააჩქაროს.
„ჯერ კიდევ არ გვაქვს სრული სტრატეგია, რადგან ამას ერაყელების მხრიდან ვალდებულებებიც სჭირდება, ასევე ის, თუ როგორ ხდება სამხედრო სამსახურში მიღება და წვრთნა.“
მან თქვა, რომ „ისლამური სახელმწიფო“-ს დასამარცხებლად, ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა გაწვევა უნდა გაზარდონ და სუნიტებთან ურთიერთობა დაამყარონ.
შეხვედრაზე აფრიკას თვალსაჩინო როლი ჰქონდა. ნიგერიის პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი, მისი მთავრობის მიერ, „ბოკო ჰარამი“-ს დაჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის შესახებ სასაუბროდ მიიწვიეს. შეხვედრას ლიბერიიდან ელენ სირლიფ ჯონსონი ესწრებოდა, რომელმაც დასავლეთ აფრიკაში ებოლას წამოფეთქებისგან მიღებულ გაკვეთილზე მსჯელობაში მიიღო მონაწილეობა.
დიდი შვიდეულის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ 60 ქვეყნისადმი, მათ შორის დასავლეთ ფარიკაში, დახმარების გაწევის გზით, ებოლას მომავალი აფეთქებების ეპიდემიაში გადაზრდას არ დაუშვებენ.