ომი უკრაინაში ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა მსოფლიო წესრიგისთვის - კარპენტერი

მაიკლ კარპენტერი, აშშ-ის წარმომადგენელი ეუთოში

მსოფლიო წესრიგისთვის უკრაინაში მიმდინარე ომს ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად თვლის მაიკლ კარპენტერი, შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო). მას ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიროსლავა ღონღაძე ესაუბრა, "ამერიკის ხმის" აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი.

მაიკლ კარპენტერის თქმით, კრიზისმა "არამარტო დაარღვია ყოველი ძირეული პრინციპი, რაც საფუძვლად უდევს გაეროს წესდებას და ჰელსინკის დასკვნით აქტს, არამედ, ნუ დაგვავიწყდება, რომ მან დაარღვია ჟენევის კონვენციაც ომის წარმოების თაობაზე". ვინაიდან დარღვევები არ ყოფილა ერთეული, "აქა-იქ", არამედ ატარებს მასიურ ხასიათს, შესაბამისად, ამერიკის ელჩი ეუთოში ფიქრობს, რომ "საქმე გვაქვს დამკვიდრებული სისტემის და ნორმების სრულ ამოტრიალებასთან".

ასევე ნახეთ: კარპენტერი: რუსეთი გააძლიერებს უკრაინელთა იძულებით გადაყვანას რუსეთში

ინტერვიუში კარპენტერი ამბობს, რომ დასავლეთმა და მისმა პარტნიორმა ქვეყნებმა, ზოგადად, "ყველა ღირსეულმა ცივილურმა სახელმწიფომ", ვისთვისაც საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანია, უნდა ეძებოს გზები, თუ როგორ შეიძლება უკრაინის კიდევ უფრო მეტად დახმარება. მისი აზრით, კიევთან მხარში დგომა უნდა გაგრძელდეს მოსკოვზე დაწესებული სანქციებით და ექსპორტის კონტროლით, ასევე შეიარაღებით, რომელიც კრიტიკულია უკრაინისთვის.

ასევე, კარპენტერის თქმით, სამუშაოებია გასატარებელი ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა გერმანია, რომელსაც შიდა ნორმები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას უკრძალავდა, თუმცა ეს მოგვიანებით შეიცვალა. უკრაინაში ომის გამო ფუნდამენტური ცვლილებები მოხდა შვედეთის და ფინეთის საგარეო პოლიტიკის შემთხვევაშიც, რომელთაც ნატოში გაწევრიანება გადაწყვიტეს. "ჩვენს წინაშეა ცვლილებების მთელი ზღვა, რაც რუსეთთან დამოკიდებულებაში მოხდა" და ეს დიდი დოზით ეუთოს და ნატოს აღმოსავლეთ ევროპის წევრების მხრიდან აღინიშნა, თქვა მან.