ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტი გლობალური კიბერ-თავდასხმის სამიზნე გახდა

ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტი და სხვა რამდენიმე ფედერალური უწყება, გლობალური ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა. ჰაკერებმა ამ უწყებებში ფაილების გადაცემის ფართოდ გამოყენებული სისტემა გატეხეს.

ენერგეტიკის დეპარტამენტი აცხადებს, რომ უსაფრთხოების კუთხით ხარვეზი აღმოაჩნდა MOVEit პროკრამას, რის გამოც მის დაქვემდებარებაში მყოფი ორი სააგენტოს ფაილები დაუცველი აღმოჩნდა. ენერგეტიკის დეპარტამენტმა თქვა, რომ ეს სააგენტოები დეპარტამენტის კონტრაქტორი Oak Ridge Associated Universities და Waste Isolation Pilot Plant გახდნენ. ეს უკანასკნელი ნიუ-მექსიკოში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც თავდაცვასთან დაკავშურებული ბირთვული ნარჩენების განადგურებაზეა პასუხისმგებელი.

ასევე ნახეთ: ჩინეთი კუბაში ჯაშუშური ბაზის მართვას უარყოფს

კიბერ-თავდასხმის სამიზნეები ასევე აღმოჩნდნენ ბრიტანული ენერგოგიგანტი "შელი", ჯორჯიის უნივერსიტეტის სისტემა, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი და მისი ჯანდაცვის სიტემა. ეს უკანასკნელი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც უნივერსიტეტთან თანამშრომლობს და 6 საავადმყოფოსა და ოჯახის ექიმის მომსახურები ცენტრებს მართავს.

ამავე პროგრამის გამოყენებით, სხვა ორგანიზაციებიც დაზარალდნენ. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზი მისმა მწარმოებელმა კომპანიამ გასულ თვეში აღმოაჩინა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობას რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფი Cl0p იღებს. ის აქამდე გავრცელებულ განცხადებაში ამბობდა, რომ სამთავრობო უწყებებიდან მოპოვებული ყველა ინფორმაცია წაშალა და მის გამოყენებას არ აპირებს.

ამერიკის კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის სააგენტო ამბობს, რომ ის რამდენიმეე ფედერალურ უწყებას დარღვევების აღმოჩენაში ეხმარება. თუმცა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი გავლენა არ იკვეთება.