შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია აცხადებს, რომ "ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის ვაქცინის შენახვის პირობები გაიოლდება. ვაქცინის შენახვა პირველ რეკომენდაციასთან შედარებით, გაცილებით მაღალ ტემპერატურაზეც არის შესაძლებელი.
ამერიკის ფედერალურმა სააგენტომ, რომელიც საკვების, მედიკამენტების და ვაქცინების მთავარი რეგულატორია, განცხადება ოთხშაბათს გააკეთა. როგორც ირკვევა, "ფაიზერში" დამზადებული ორდოზიანი ვაქცინის შენახვა სტანდარტულ მაცივარში, 2-8 გრადუს ცელსიუსზეც შეიძლება.
ასევე ნახეთ: პირველად პანდემიის დაწყებიდან, ამერიკაში ინფიცირებამ 50-ივე შტატში იკლო
როცა "ფაიზერ-ბიონტექის" ვაქცინა ამერიკაში საგანგებო ავტორიზაციის აქტის საფუძველზე პირველად დამტკიცდა, მისი შენახვა მხოლოდ მინუს 80 გრადუსზე შეიძლებოდა. აშშ-ის საკვების მედიკამენტების ადმინისტრაციამ ვაქცინას ავტორიზაცია გასული წლის დეკემბერში მიანიჭა. ანალოგიური რეკომენდაცია კვირის დასაწყისში ევროპის მედიცინის სააგენტომაც გასცა.
უახლესი კვლევებით დასტურდება, რომ შეერთებულ შტატებში ავტორიზებული ვაქცინები კორონავირუსის ახალ ვარიაციებთან მიმართებაშიც ეფექტურია. მათ შორისაა B.1.6.7 ვარიანტი, რომელიც პირველად ინდოეთშია დაფიქსირდა.