ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქვეყნები, სადაც ვაქცინაცია კარგად ან ცუდად მიმდინარეობს


6 თვეზე მეტია მსოფლიოში კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. მეცნიერები ამბობენ, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გაიკეთებს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, პანდემის დროს დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება ან სრულად მოიხსნება. ასეთი პრეცედენტები უკვე ბევრია. ოთხშაბათს ამერიკაში ვაქცინირებული ადამიანებისთვის პირბადის ტარების აუცილებლობა მოიხსნა, თანდათან მსუბუქდება სხვა შეზღუდვებიც. ორშაბათიდან იხსნება დიდი ბრიტანეთიც, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკვე აცრილია.

ვაქცინაციის პროცესი კონტინენტების მიხედვით:
  • ჩრდილოეთ ამერიკა - 52%
  • ევროპა - 36%
  • სამხრეთ ამერიკა 21%
  • აზია 15%
  • ავსტრალია და ოკეანეთი 8.1%
  • აფრიკა 1.6%
ქვეყნები, სადაც ვაქცინაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს:მსოფლიოში ამ დროის მონაცემებით 1,370,024,391 ვაქცინაა გამოყენებული.

ყველაზე მეტი ადამიანი აცრილია ჩინეთში, სადაც სხვადასხვა ვაქცინის 354,272,000 მილიონი დოზაა გამოყენებული. მონაცემების სიმცირის გამო შეუძლებელია გამოთვლა, თუ რამდენი ადამიანია ჩინეთში ნახევრად (ვაქცინის ერთი დოზა აქვს გაკეთებული) ან სრულად ვაქცინირებული. ყოველი 100 ადამიანიდან ვაქცინის ერთი დოზა მიღებული აქვს 25 ადამიანს.

მეორე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ვაქცინის 264,680,844 დოზაა გამოყენებული, რაც მოსახლეობის 46% შეადგენს. ამერიკელთა 35% სრულად ვაქცინირებულია. "ნიუ-იორკ თაიმსის" მონაცემებით, ამერიკაში 100 ზრდასრული ადამიანიდან, 80-ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს მიღებული.

176,045,577 მილიონი ვაქცინა აქვს გამოყენებული ინდოეთს. რაც ნიშნავს რომ ქვეყანაში ყოველი 100 ადამიანიდან კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა მირებული აქვს 13 ადამიანს. ამ დროისთვის ინდოეთში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 2.8%, ერთი დოზა გაკეთებული აქვს მოსახლეობის 10 პროცენტს.

ვაქცინის 54,160,993 მილიონი დოზა გამოიყენა დიდმა ბრიტანეთმა. ქვეყანაში ყოველი 100 ადამიანიდან ვაქცინა გაკეთებული აქვს 81 ადამიანს. ბრიტანეთში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 28%, ვაქცინის ერთი დოზა მიღებული აქვს 53 პროცენტს.

49,188,608 მილიონი ვაქცინა გამოიყენა უკვე ბრაზილიამ, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 7.5 პროცენტია სრულად ვაქცინირებული. ბრაზილიაში ყოველი 100 ადამიანიდან 23 ადამიანია აცრილი.

შემდეგ პოზიციებს იკავებენ: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, თურქეთი, რუსეთი, ინდონეზია, მექსიკა, ესპანეთი და კანადა.

ქვეყნები სადაც ვაქცინაციის პროცესი ცუდად მიმდინარეობს:

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ამ დრომდე შეფერხებებით მიმდინარეობს. მიზეზი ბევრია, მათ შორის, ვაქცინებზე დიდი მოთხოვნა და კონკურენციაც არის. კიდევ ერთი მიზეზი ვაქცინების საწინააღმდეგო კამპანია და დეზინფორმაციაა.

ვაქცინაციის პროცესი შეფერხებებით დაიწყო საქართველოშიც, რომელიც ისეთი ქვეყნების სიაშია, სადაც პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. არსებული მონაცემებით, საქართველოში ყოველი 100 ადამიანიდან ვაქცინის ერთი დოზა მაინც გაკეთებული აქვს 1.8 ადამიანს. სულ ქვეყანაში ამ დროისთვის გამოყენებულია სხვადასხვა წარმოების ვაქცინის 67 000-ზე მეტი დოზა. არსებული მონაცემებით კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა ამ დროისთვის მოსახლეობის 1.8 პროცენტს აქვს მიღებული.

1,727,510 მილიონი ვაქცინა არის გამოყენებული აზერბაიჯანში, სადაც ყოველი 100 ადამიანიდან ვაქცინა მიღებული აქვს 17 ადამიანს. ამ დროისთვის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა აქვს მიღებული მოსახლეობის 10 პროცენტს, ხოლო სრულად ვაქცინირებულად ითვლება მოსახლეობის 7.1%.

გაცილებით რთული ვითარებაა სომხეთში, სადაც ყოველი 100 ადამიანიდან კოვიდ19-ის ვაქცინა გაკეთებული აქვს 0.4 ადამიანს. სულ ქვეყანაში გამოყენებულია ვაქცინის 10 727 დოზა. ამ დროისთვის ვაქცინის ერთი დოზა სომხეთის მოსახლეობის 0.4 პროცენტს აქვს მიღებული. სომხეთი მსოფლიო ქვეყნების ჩამონათვალში ბოლოდან მეცხრე ადგილს იკავებს.

ასეთივე მძიმე ვითარებაა კამერუნში, სირიაში, კონგოსა და სუდანში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG