რესპუბლიკელი კონგრესმენები სიხარულით გამოეხმაურნენ ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მიერ ვაქცინირებული ადამიანებისთვის პირბადის ტარების რეგულაციის მოხსნას. ცენტრმა ხუთშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაქცინის სრული დოზის მიღების შემდეგ ამერიკელებს შეიძლიათ ღია და დახურულ სივრცეებში, უმეტეს დაწესებულებებში, პირბადე აღარ გაიკეთონ.
"ბოლოსდაბოლოს გავთავისუფლდით", - თქვა მიტჩ მაკკონელმა, სენატის რესპუბლიკელთა ლიდერმა, რომელმაც "ნიუ-იორკ თაიმსის" რეპორტიორის ცნობით, პირბადე მოიხსნა და ასე დატოვა ზედა პალატა.
სენატის შენობაში ნიღბის გარეშე უკვე დააფიქსირეს სენატორი სიუზან კოლინსიც. ზოგიერთი კონგრესმენი პარასკევს კვლავ ატარებდა პირბადეს, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც "სულელური პირბადეების" მოხსნას აქამდეც ითხოვდნენ.
"მადამ სპიკერ, გთხოვთ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მითითებების შესაბამისად, ჩვენ ყველამ მოვიხსნათ ეს სულელური პირბადეები", - მიმართ აპალატის სპიკერს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან მასტმა და დემონსტრაციულად მოიხსნა და შეინახა პირბადე.
პირბადეების ტარების საკითხი ამერიკაში პოლიტიკურ საკითხად თვეების წინ, პანდემიის დასაწყისშივე იქცა. ამერიკაში კოვიდ-19-ის გართულებებმა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - პრაქტიკულად ყოველი მე-600. რესპუბლიკელთა დიდი ნაწილი აცხადებდა, რომ მოქალაქეებისთვის პირბადის ტარების სავალდებულო მოთხოვნა მათი უფლებების შეზღუდვა იყო.
ამერიკის 45-ე პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი პირბადეებს ასევე სკეპტიკურად უყურებდა და პანდემიის მასშტაბებს ხშირად უფრო მცირედ წარმოაჩენდა. თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაციამ პანდემიასთან ბრძოლა უპირველეს პრიორიტეტად გამოაცხადა და ფედერალურ ტერიტორიებზე ნიღბების ტარების სავალდებულო მოთხოვნაც დააწესა.
რაც შეეხება კონგრესმენებს, ამ დრომდე კოვიდ-19-ით ინფიცირებული იყო 30-ზე მეტი კანონმდებელი. მათ შორის ერთი - ტეხასის შტატის წარმომადგენელი რონ რაიტი თებერვალში გარდაიცვალა.
პალატის დემოკრატმა ლიდერმა ნენსი პელოსიმ არ უპასუხა შეკითხვას იმის თაობაზე, უნდა მოიხსნას თუ არა ყველა კანონმდებელმა პირბადე. თუმცა მანამდე, სპიკერი ნიღბის გარეშე საუბრის უფლებას მხოლოდ სიტყვით გამომსვლელ პირებს აძლევდა. რამდენად შეიცვლება რეგულაციები და მოთხოვნები კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე დაავადებათა კონტროლის მოწოდების შემდეგ, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული.
Facebook Forum