ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინგლისში ვაქცინაციამ 12 000 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა


დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო უწყების განცხადებით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა ქვეყანაში უკვე 12 000-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. სამთავრობო ანალიზის თანახმად, ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას გადაურჩა 30 000-მდე ხანდაზმული მოქალაქეც.

ბრიტანეთის მოსახლეობის ორი მესამედი ერთი დოზით მაინც უკვე აცრილია. ბორის ჯონსონი ზაფხულის დასაწყისში ეკონომიკის დიდი ნაწილის გახსნის გეგმებზე საუბრობს.

ამავე ანგარიშის თანახმად, აპრილამდე ვაქცინაციის პროგრამამ 60 წელზე ხანდაზმული მოქალაქეებიდან 11 700 ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა. 65 წელზე ხანდაზმული მოქალაქეებს კი ამავე დროს, შესაძლოა, ჰოსპიტალიზაცია დასჭირვებოდათ. ეს დასკვნები მხოლოდ ინგლისის მონაცემებს ეყრდნობა და არ მოიცავს შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მაჩვენებლებს.

სააგენტო აცხადებს, რომ ეს დაახლოებითი გაანგარიშება, მხოლოდ ვაქცინების პირდაპირ ეფექტურობას მოიცავს და ნათლად აჩვენებს, რომ აცრის პროცესი ვირუსის გავრცელებას და მასთან დაკავშირებულ ჰოსპიტალიზაციასა და ლეტალურ შედეგებს ამცირებს. ვაქცინაციის გარეშე ეს მონაცემები ინგლისში გაცილებით დიდი იქნებოდა.

"ვაქცინამ უკვე ძალიან ბევრი სიცოცხლე იხსნა, და ჩვენ უკვე ვხედავთ უზარმაზარ ეფექტს, რომელიც მას ადამიანების სერიოზული დაავადებისგან დასაცავად აქვს", - ამბობს მერი რამსი, სახელმწიფო უწყების იმუნიზაციის დირექტორი.

დიდ ბრიტანეთში ვირუსის გართულებებით 127 640 ადამიანია გარდაცვლილი. ეს ევროპაში - პირველი და მსოფლიოში მეექვსე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG