ცოტა ხნის წინ დიპლომატის გადადგომამ გამოააშკარავა უთანხმოება ბაიდენის ადმინისტრაციის შიგნით, რაც ღაზაში ისრაელის სამხედრო იერიშის ურყევ მხარდაჭერას ეხება.
ჯოშ პოლი, რომელიც გასულ კვირამდე კონგრესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუროში, რომელიც უცხოეთის მთავრობებისთვის იარაღის გადაცემის და უსაფრთხოების სფეროში დახმარებას განაგებს, პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგა. მან თქვა, რომ არ ეთანხმება პოლიტიკას, რომელიც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის ქმედებას მწვანე შუქს უნთებს, მიუხედავად იმისა თუ სამოქალაქო მოსახლეობას როგორი ზიანი მიადგება.
ასევე ნახეთ: ისრაელის გენშტაბი: „ჩვენი მიზანია „ჰამასის“ სრული განადგურება“სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლის გადადგომაზე პირდაპირი კომენტარი არ გააკეთა და ამბობს, რომ ეს პირადი საქმეა. თანამშრომლების მისამართით გაგზავნილ წერილში, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღიარა, რომ ზოგიერთი პიროვნულ სიძნელეებს განიცდის.
„ამერიკის ხმასთან“ საუბარში პოლმა თქვა, რომ გადადგა, რადგან მის ყოფილ სამსახურში არ ყოფილა პასუხისმგებლიანი მსჯელობა ისრაელისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე, რომელსაც ის ღაზაში ომისთვის გამოიყენებს და მიაჩნია, რომ ეს შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებს და ღირებულებებს ძირს უთხრის.
პოლმა თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა ღაზაში ოპერაცია მასიური დაბომბვით დაიწყო და უკვე შეგვეძლო დაგვენახა, რომ ასობით და შემდეგ ათასობით პალესტინელი სამოქალაქო პირი იღუპებოდა, სამხედრო დახმარების პოლიტიკის და იურიდიული მოთხოვნების განხილვა არ მომხდარა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის აზრით, ისრაელის საპასუხო ქმედებებმა შეერთებულ შტატებს რეგიონში რეპუტაციული და დიპლომატიური ზიანი უკვე მიაყენა და ამას რეგიონში და მთელ მსოფლიოში ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისთვის შედეგები მოჰყვება.
"ჰამასს" აშშ-ის მთავრობა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.