დეტროიტში დემოკრატი კანდიდატების დებატების მეორე რაუნდი გაიმართა

31 ივლისს დემოკრატ კანდიდატთა მეორე დებატები დასრულდა. კანდიდატთა გამორჩეულად დიდი რაოდენობის გამო, მეორე დებატებიც, პირველის მსგავსად ორ-ორ საღამოს გაიმართა. როგორც ერთი პარტიის კანდიდატებისგანაა მოსალოდნელი, სცენაზე თანხმობა იყო ზოგად საკითხებზე.

საგარეო კონფლიქტების დიპლომატიური მოგვარება, საიმიგრაციო რეფორმა და დახმარება ცენტრალურ ამერიკას, სავაჭრო შეთანხმებები, რომელიც ამერიკელ დასაქმებულებს დაეხმარება და არ განაპირობებს სავაჭრო ომებს... დემოკრატმა კანდიდატებმა სცენაზე გამოყოფილი დრო თავიანთი პოლიტიკური ინიციატივების წარმოსადგენად გამოიყენეს. თითოეული მათგანი განსაკუთრებით ცდილობდა წარმოეჩინა თავი, როგორც კანდიდატი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხებას შესძლებს.

კანდიდატები წამყვანების შეკითხვების პასუხიდან ხშირად გადადიოდნენ ერთმანეთის მიმართ კითხვა-პასუხის რეჟიმში, როდესაც ერთ-ერთი მათგანი პირდაპირ აკრიტიკებდა სხვა კანდიდატს და ესხმოდა მას თავს. თავდაცვით პოზიციებში იყო გამოკითხვების ლიდერი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომლის წინააღმდეგაც არაერთხელ გაილაშქრეს კამალა ჰარისმა, კორი ბუკერმა თუ სხვებმა.

"ჩვენ ვნახეთ, რომ ჯანდაცვა არის ის საკითხი, რომლის შესახებაც ყველაზე მწვავე უთანხმოებაა პარტიის შიგნითაც და ლიდერ კანდიდატებს შორისაც, ისევე როგორც სხვა კანდიდატებშიც", - ამბობს ბოსტონის კოლეჯის პოლიტიკური მეცნიერების ასოცირებული პროფესორი, დევიდ ჰოპკინსი.

"ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ამდენი დრო დაეთმო ჯანდაცვის საკითხების ირგვლივ დებატებს", - ამბობს ჰოპკინსი და განმარტავს, რომ ეს ყველაზე მწვავე და "ფოიერვერკული" თემა იყო.

კანდიდატები თანხმდებოდნენ, რომ ამჟამინდელი სისტემა ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანდაცვას არ უზრუნველყოფს. დისკუსიის მთავარი საგანი სწორედ ის იყო, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ის საფუძვლიანად და როგორ უნდა გასწიოს ეს ხარჯები სახელმწიფომ.

ჯო ბაიდენმა, პრეზიდენტ ობამას ინიციატივით მიღებული ჯანდაცვის პროგრამა, ე.წ. "ობამაქეარი" დაიცვა და თქვა, რომ მასში შესაცვლელი მხოლოდ ისაა, რაც მოგვიანებით პრეზიდენტმა ტრამპმა შეცვალა და ფაქტი, რომ მისი ჩვეულებრივ ბაზარზე ყიდვა შეიძლებოდეს. კამალა ჰარისმა ბაიდენს შეუტია და თქვა, რომ ეს გეგმა ძალიან ბევრ ისეთ ნაწილს შეინარჩუნებს, რომელიც არ მუშაობს.

"თქვენი გეგმა ნებას მისცემს სადაზღვევო კომპანიებს, რომ სტატუს-ქვო შეინარჩუნონ და ბიზნესი ჩვეულებრივ განაგრძონ მომხმარებლების მიერ გადასახდელი თანხების გაზრდით", - თქვა ჰარისმა.

დებატებისას კიდევ ერთი პოპულარული საკითხი საერთაშორისო კონფლიქტებში ამერიკის მონაწილეობის თემა იყო. პრეზიდენტ ტრამპის კამპანიის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა ის იყო, რომ ამერიკა აღარ ჩაერთვებოდა "დაუსრულებელ ომებში". თუმცა, მისი პირველი ვადა თითქმის იწურება და ამერიკული ჯარები კვლავ არიან ერაყსა და ავღანეთში. დემოკრატ კანდიდატთა უმეტესობა ამბობს, რომ "ჯარებს შინ დააბრუნებს" და ამ ოპერაციებისთვის განსაზღვრულ თანხებს შიდა პროგრამებზე დახარჯავს.

კანდიდატებმა ბევრი ისაუბრეს სავაჭრო ურთიერთობებზეც. ბაიდენმა თქვა, რომ მას ჩინეთის მზარდი ინტერესებისა და გავლენების პრობლემის გადასაწყვეტ გზად, კვლავ ობამას ადმინისტრაციის მიერ მიღწეული შეთანხმება მიაჩნია, ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის სახით, თუმცა პირობების თავიდან შეთანხმებით. გააკრიტიკეს პრეზიდენტ ტრამპის მიერ ე.წ. "ნაფტას" ნაცვლად მექსიკასა და კანადასთან მიღწეული ახალი შეთანხმებაც, რომლის რატიფიცირებაც კონგრესს ჯერ არ მოუხდენია.

"ამ დემოკრატების უმეტესობას ძლიერ ამბიციური პლატფორმა აქვს. მათ ძალიან ბევრი აზრი აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალონ პოლიტიკა ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. მაგრამ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მე როგორც პრეზიდენტმა, უნდა გააკეთო, პრიორიტეტების დასახვაა, შენი დღის წესრიგის განსაზღვრა. რა იქნება პირველი, რასაც გააკეთებ, რა იქნება შემდეგ? კანდიდატებს, ვფიქრობ, ამის შესახებ განსხვავებული მოსაზრება აქვთ, თუმცა ეს დებატებში არ გამოჩენილა", - ამბობს დევიდ ჰოპკინსი.

მომდევნო დებატები სექტემბერში გაიმართება. თუმცა, შესაძლოა ერთი თვის შემდეგ, 20-ზე ნაკლები კანდიდატი ვიხილოთ, რადგან ამ ეტაპზე მათ უკვე უფრო მაღალი მოთხოვნები აქვთ დასაკმაყოფილებელი, როგორც მხარდამჭერების რაოდენობის, ისე დაფინანსების წყაროების მხრივ.