რესპუბლიკელები კომპრომისზე მიდიან

რესპუბლიკელები კომპრომისზე მიდიან

კონგრესის სპეციალური კომიტეტი 23 ნოემბრამდე უკანასკნელი 10 წლის დეფიციტის 1.2 ტრილიონ დოლარამდე შეკვეცას ცდილობს. რესპუბლიკელი სენატორების ნაწილი მზად არის ამომრჩევლებისთვის მიცემული მთავარი პირობაც კი დაარღვიოს, რომელიც გადასახადების გაზრდისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

რესპუბლიკელი სენატორი ლამარ ალექსანდერი აცხადებს, რომ სხვა გამოსავალი უკვე არ არსებობს, ორპარტიულმა კონგრესმა დეფიციტის შეკვეცაზე უნდა მოილაპარაკოს.

რამდენიმე თვის განმავლობაში რესპუბლიკელები ფინანსური სიტუაციის დასაბალანსებელ ერთადერთ გზად ბიუჯეტის შეკვეცას მიიჩნევდნენ. ისინი კონგრესის სპეციალურ კომიტეტს წინადადებათა საკუთარ პაკეტს სთავაზობდნენ, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ადგილი საშინაო პროგრამების გაუქმებას, ან შეზღუდვას ეჭირა.

პრეზიდენტი ობამა გამუდმებით იმეორებდა, რომ ის თანახმა იყო რამდენიმე დათმობაზე წასულიყო და ზოგიერთი პროგრამის რესტრუქტურიზაცია მოეხდინა. თუმცა, შეთანხმება ჯერჯერობით მაინც არ შედგა. როგორც სენატორი ალექსანდერი ამბობს,

„რესპუბლიკელებმა მთელი სახელმწიფო შემოსავლები დადეს მაგიდაზე. დემოკრატებმა კი მხოლოდ სახელწოდებები. ამასობაში ჩვენ შედეგი გვჭირდება“.

საბოლოო ჯამში უთანხმოება ორ პარტიას შორის ბიუჯეტის შეკვეცას და გადასახადების გაზრდას შორის თანაფარდობის გამო ხდება. დემოკრატები მათ შორის თანაბარი პროპორციის მომხრენი არიან. რესპუბლიკელები კი საკუთარ წინადადებებს ძირითადად ბიუჯეტის შემცირებაზე ამყარებენ.

სენატის უმრავლესობის ლიდერს, დემოკრატ ჰარი რიდს, მიაჩნია, რომ დრო ცოტა რჩება, მაგრამ სენატორები საბოლოოდ მაინც შეთანხმდებიან:

„კონგრესი და მთავრობა ძირითადად ყველაფერს ბოლო წუთში აკეთებს. ბოლო წუთი კი უკვე ახლოვდება“.

ამერიკის მოსახლეობაც თითქოს შეეგუა სიტუაციას. ტრევორ შამი, უნივერსიტეტის სტუდენტი ამბობს, რომ უკვე დაიღალა ორპარტიული დაპირისპირებებით. „ჩვენი მომავალი გაურკვეველია და ეს იმის ბრალიცაა, რომ პოლიტიკოსებს ერთმანათთან მოლაპარაკების უნარი არ აქვთ. გული მწყდება, რომ უძლური ვარ და ვერაფერს ვშველი ამ სიტუაციას“, ამბობს ის. „რაიმე უნდა მოიმოქმედონ, თორემ ის, რაც ევროპაში ხდება, აქაც განმეორდება, ამბობს ფრანკ კილი, სახელმწიფო სამსახურის მუშაკი.

შედეგი გვჭირდება. ამერიკელ ხალხს გამოსავლის პოვნა უნდა, ისინი შედეგს ელოდებიან, მათ დაიმსახურეს ის და ჩვენც მოვალე ვართ მათ შედეგი დავანახოთ“ - აცხადებს რესპუბლიკელი სენატორი მიჩ მაკონელი.

23 ნოემბრამდე ამერიკა სენატის სპეციალური კომიტეტისგან საბიუჯეტო შეკვეცების შესახებ რეალურ გადაწყვეტილებას ელოდება.