30 ოქტომბერს შეერთებულმა შტატებმა განცხადება სანქციების მორიგი რაუნდის თაობაზე გააკეთა. შეზღუდვების უმეტესი ნაწილი რუსეთისა და სხვების წინააღმდეგ, უკვე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის გამო გამოცხადდა, რაც იმის ნიშანია, რომ ვაშინგტონი მზადაა დაუპირისპირდეს სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერ ხერხს.
ხაზინისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი ნაბიჯის სამიზნე 10-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე სუბიექტია. რუსეთის გარდა, სანქციებში მოყვნენ ჩინეთის, ინდოეთის, არაბთა გაერთიანებული სამეფოს, თურქეთის, ტაილანდის, მალაიზიის, შვეიცარიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები და იქ რეგისტრირებული ორგანიზაციები.
ასევე ნახეთ: ჩინეთსა და რუსეთს შორის თავდაცვითი კავშირები ფართოვდებაშეერთებული შტატების აღნიშნული ქმედება უკავშირდება რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს. 2022 წლის თებერვალში სუვერენულ მეზობელ ქვეყანაზე განხორციელებულ თავდასხმას და იქ სრულმასშტაბიანი ომის წარმოებას, ათასობით ადამიანის დაღუპვა, დაშავება, დასახიჩრება და ზოგან მთელი დასახლებების ნანგრევებად ქცევა მოჰყვა.
ვაშინგტონი გამუდმებით აფრთხილებდა მხარეებს, არ მიეწოდებინათ რუსეთისთვის მოწინავე ტექნოლოგიური კომპონენტები, რომელთა შორისაა მიკროელექტრონული ტექნიკა. შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი ვარაუდობენ, რომ რუსეთი მათ უკრაინაში მიმდინარე ომში მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იყენებს.
ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის მიერ სანქცირებულია 274 სუბიექტი, მაშინ როცა სახელმწიფო დეპარტამენტმა სამიზნეში 120-ზე მეტი სუბიექტი ამოიღო. კომერციის დეპარტამენტმა კი რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის მხარდაჭერის გამო, მათ სიას 40 კომპანია და კვლევითი ინსტიტუტი დაამატა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა სააგენტო "როიტერს" ვინაობის გამხელის გარეშე მიაწოდა ცნობა, რომ რუსეთისთვის გაგზავნილი საქონლის 70% ჩინური წარმოებისაა. აღნიშნული ტვირთის ღირებულება ომის დაწყების დღიდან $22 მილიარდს აღემატება. 2023 წლის ბოლოსთვის მეორე ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი თურქეთი იყო.