მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომი გრძელდება. დღეს ძალაში შევიდა სავაჭრო ტარიფების ახალი რაუნდი, რომელიც ერთმანეთს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა დაუწესა.
200 მილიარდი დოლარის ოდენობის ჩინურ იმპორტზე საბაჟო გადასახადის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო. პეკინის საპასუხო სვლა კი, რომელიც ვაშინგტონის დროით ძალაში დღეს გათენებისას შევიდა, 60 მილიარდი დოლარის ამერიკულ საქონელს შეეხება.
ამერიკის მიერ დაწესებული ტარიფები ათასობით სხვადასხვა ტიპის ჩინურ საქონელს ეხება, მათ შორის, ელექტრონულ მოწყობილობებს, საკვებს, ხელსაწყოებს, თუ ყოფით ნივთებს. ახალი ტარიფები 10 პროცენტით იწყება და 2019 წლის 1 იანვარს 25 პროცენტამდე გაიზრდება.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამერიკელებს დაპირდა, რომ ჩინეთთან დაწყებული სავაჭრო ომი ამერიკის გამარჯვებით დასრულდება. "ჩვენ ისეთ შედეგს მივიღებთ, რომელიც ჩინეთს აიძულებს მოიქცეს გლობალური ძალის მქონე ქვეყნის შესაფერისად... ეს თუ გსურს, ინტელექტუალური საკუთრება არ უნდა მოიპარო" - განაცხადა პომპეომ კვირას, ტელეკომპანია "ფოქსთან" ინტერვიუში.
ამერიკა ჩინეთისგან არამარტო ინტელექტუალური საკუთრების მოპარვის შეწყვეტას ითხოვს, არამედ პეკინს კიბერ-თავდასხმების შეწყვეტისკენაც მოუწოდებს. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნებში ჩინურ ბაზრებზე ამერიკული კომპანიების მეტად დაშვებაც შედის.