ამერიკის ლიდერობით მოქმედი კოალიციის ერთ-ერთი პოლკოვნიკი, შონ რაიანი ამბობს, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალები უკვე ტოვებენ სირიის ტერიტორიას. მისი თქმით, უსაფრთხოების დასაცავად კონკრეტული დეტალები ამერიკელი სამხედროების რაოდენობის, გადაადგილების დროისა და მარშრუტის შესახებ არ გავრცელდება.
ამ კვირის დასაწყისში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა სირიელი ქურთების დაცვის შესახებ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ამერიკის შეიარღებული ძალების სირიიდან გასვლის წინაპირობა სწორედ სირიელი ქურთების დაცულობის გარანტიები უნდა იყოს. ამ და მსგავსმა განცხადებებმა თურქეთის პრეზიდენტის უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც მან ჯონ ბოლტონთან შეხვედრაზე უარი თქვა.
სირიელი ქურთების გაერთიანება სირიაში ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" მებრძოლი ამერიკელი სამხედროების ერთ-ერთი უმთავრესი მოკავშირეა. თუმცა მას ოფიციალური ანკარა თურქეთში მცხოვრებ მეამბოხე ქურთებთან დაკავშირებულ ორგანიზაციად მიიჩნევს და მასზე თავდასხმის სამზადისზეც საუბრობს.