ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი S-400-ების ყიდვის გადაწყვეტილებას იცავს, თუმცა "პატრიოტების" ყიდვაზეც დაფიქრდება


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ანკარამ შესაძლოა ამერიკული „პატრიოტის“ ტიპის რაკეტები იყიდოს თუ ამისთვის სათანადო პირობები შეიქმნება. თუმცა მან ასევე დასძინა, რომ ასეთი გარიგება შეუძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი თურქეთს აიძულებს რუსეთისგან S-400 ტიპის რაკეტების შესყიდვის შეთანხმება გააუქმოს.

თურქული არხი NTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჩავუშოღლუმ თქვა, რომ თურქეთი, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, არ დაუშვებს იმას, რომ შეერთებულმა შტატებმა პირობები წამოუყენოს იმასთან დაკავშირებით იყიდოს, თუ არა რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა.

ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის გაუარესების კიდევ ერთი ნიშანი ის არის, რომ მინისტრის განცხადებით, თურქეთი ამერიკის მოკავშირე ქურთული დაჯგუფებების წინააღმდეგ სამხედრო იერიშებს მანამდეც გეგმავდა, სანამ ვაშინგტონი სირიიდან ჯარის გამოყვანის გადაწყვეტილებას მიიღებდა.

თურქეთის პირველი დიპლომატის თქმით, რეალისტური არ არის მოლოდნილი, რომ ამერიკა სირიიდან ჯარების გამოყვანის შემდეგ ქურთი მებრძოლებისგან ყველა იარაღს ამოიღებს, რომელიც მათ მისცა.

ქურთული დაჯგუფებები სირიაში ამერიკის მოკავშირეა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, ანკარა კი მათ ტერორისტებად მიიჩნევს.

სამშაბათს, თურქეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ იგივე მეთოდებს გამოიყენებს, რომლებითაც „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს ებრძვის. „თუ ისინი ტერორისტები არიან, გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა იმის მიუხედავად, თუ საიდან მოდიან,“ თქვა ერდოღანმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG