ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორჩევსკაია: სადაც ამერიკა პასიურობს, რუსეთი ვაკუუმს ავსებს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ კონგრესს დაავალა გადახედოს 2015 წელს ირანთან დადებულ ხელშეკრულებას, რომლის მიზანიც თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვაა. ხელშეკრულებას, სახელწოდებით, “ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა,” ირანთან ერთად აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი აწერენ ხელს. მისი ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ხელმომწერმა ქვეყნებმა სამ თვეში ერთხელ სერტიფიცირება უნდა გაუკეთონ იმას, რომ ირანი ხელშეკრულების პირობებს იცავს. პრეზიდენტმა ტრამპმა სერტიფიცირებაზე უარი განაცხადა. ამ ნაბიჯს ხელმომწერი ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის კრიტიკა მოჰყვა. რას ნიშნავს ირანის ბირთვული ხელშეკრულება რუსეთისთვის და რა როლს თამაშობს კრემლი ამერიკა-ირანის ურთიერთობებსა და ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში. ამ კითხვებს ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი ანა ბორჩევსკაია პასუხობს.

როგორ აფასებთ პრეზიდენტ ტრამპის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმების სერტიფიცირებაზე უარის თქმას? მოგეხსენებათ ეს ნაბიჯი ოფიციალურმა მოსკოვმა უკვე გააკრიტიკა...

რუსეთის რეაქცია ტიპიური იყო და მასში გასაკვირი არაფერი ყოფილა. განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე [ვალენტინ] რიბკოვმა გააკეთა და ფაქტობრივად, სტანდარტული ტექსტი გაავრცელა, რომ რუსეთს არ ესმის, რატომ არ მოახდინა პრეზიდენტმა ტრამპმა სერტიფიცირება, და რომ ირანი ხელშეკრულებას პირნათლად ასრულებს. ამასთან, ეს საკმაოდ რბილი განცხადება იყო, რადგან ის მინისტრის მოადგილის დონეზე გაკეთდა.

თვითონ ხელშეკრულებას რაც შეეხება, ის რუსეთს ძალიან აწყობს. ხელშეკრულებით თეირანს სანქციები მოეხსნა, რუსეთს კი ირანთან ვაჭრობის გაზრდა სურდა. შეთანხმებაზე მელანი გამშრალი არ იყო, რუსეთმა ვაჭრობის გაზრდა რომ დაიწყო. ამასთან, მოსკოვი საკუთარი დიპლომატიური ძალის გაზრდასაც ცდილობს.

თქვენი აზრით, რატომ თქვა უარი პრეზიდენტმა ტრამპმა შეთანხმების პირობების მორიგ სერტიფიცირებაზე? შეგვიძლია იმის დაშვება, რომ ის ბირთვულ შეთანხმებას ბერკეტად იყენებს პარტნიორებისგან, ან თუნდაც ირანისგან, სხვა სფეროებში კომპრომისის მისაღებად?

შეთანხმებაზე მელანი გამშრალი არ იყო, რუსეთმა ვაჭრობის გაზრდა რომ დაიწყო. ამასთან, მოსკოვი საკუთარი დიპლომატიური ძალის გაზრდასაც ცდილობს.
ანა ბორჩევსკაია

გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ის უკვე დიდი ხანია ამ შეთანხმებას მკაცრად აკრიტიკებს. ბერკეტად გამოყენებას რაც შეეხება - გამორიცხული არ არის, რომ პრეზიდენტი ამას შესაძლებლობად აფასებდეს იმისთვის, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შეთანხმების პირობების გამკაცრებისკენ უბიძგოს.

თქვენი აზრით, რას წარმოადგენს ეს შეთანხმება რუსეთისთვის - როგორ შეაფასებდით მას როგორც გამოწვევას, თუ როგორც შესაძლებლობას?

ირანთან ამ ხელშეკრულების გაფორმება რუსეთისთვის უდავოდ შესაძლებლობა იყო. მახსოვს, ორი წლის წინ, დასავლეთში ოფიციალურ პირები ამბობდნენ, რამდენად კარგად თანამშრომლობდა მათთან მოსკოვი. რუსეთს ეს დასავლეთისთვის არ გაუკეთებია. გახსოვთ, ალბათ, მოსკოვმა ირანს "S-300" ტიპის რაკეტები მალევე მიჰყიდა, რაც ირანისთვის სანქციების მოხსნამდე, წლების მანძილზე გაყინული შეთანხმება იყო. ზოგადად, ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ძლიერდება და ეს არა მხოლოდ სამხედრო სფეროში, არამედ ეკონომიკაშიც ადვილადაა შესამჩნევი.

თქვენ "S-300" ახსენეთ, რასაც ძალიან საინტერესო თემამდე მივყავართ. რუსეთმა ირანს "S-300" ტიპის რაკეტები მიჰყიდა, მაგრამ მალევე საუდის არაბეთს და თურქეთს "S-400"-ები. ეს სამი ქვეყანა ერთმანეთს სტრატეგიულ მეტოქედ აღიქვამს. სამივესთვის იარაღის მიყიდვით, რუსეთი მათ შორის დაძაბულობას აღრმავებს. როგორ აფასებთ ამას? როგორ ხედავს რუსეთი საკუთარ თავს ამ სამკუთხედის ცენტრში?

ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის მხრიდან შიიტი მუსლიმების მხარდაჭერის ტენდენცია გამოიკვეთა. ყველასთან მეგობრული ურთიერთობა ზედაპირულად მანც ქმნის ობიექტურობისა და ბალანსის შთაბეჭდილებას.
ანა ბორჩევსკაია

ეს რუსეთის სტანდარტული მოქმედებაა, რომელიც კრემლის სახელმძღვანელო პრინციპებს კარგად წარმოაჩენს. ერთის მხრივ, სუნიტებთან კეთილგანწყობის გამოჩენა პუტინს საშულებას აძლევს შეეწინააღმდეგოს შეხედულებას, რომ ის ზედმეტადაა შიიტების მხარეს. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის მხრიდან შიიტი მუსლიმების მხარდაჭერის ტენდენცია გამოიკვეთა. ყველასთან მეგობრული ურთიერთობა ზედაპირულად მანც ქმნის ობიექტურობისა და ბალანსის შთაბეჭდილებას.

და ეს, ალბათ, რუსეთის გაზრდილ როლზეც ქმნის შთაბეჭდილებას, არა მხოლოდ სამხედრო, არამედ დიპლომატიური თვალსაზრისითაც.

ნამდვილად, ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ როგორ იზრდება რუსეთის როლი რეგიონში. ამაზე არა მხოლოდ მოსკოვი მუშაობს, არამედ თვითონ რეგიონის ქვეყნებიც ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ამერიკის პასიურობაა, რომელიც წლების მანძილზე გრძელდებოდა.

სექტემბრის ბოლოს პუტინი ანკარაში ერდოღანს ეწვია, ერთ კვირაში მოსკოვში საუდის არაბეთის მეფე ისტორიული, პირველი ვიზიტით ჩავიდა, წლის ბოლომდე პუტინი თეირანს ეწვევა. რას უკავშირებთ ამ ვიზიტებს? თქვენი აზრით, რის მიღწევა სურთ რუსეთთან ამ ქვეყნებს?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და საუდის არაბეთის მეფე სალმანი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და საუდის არაბეთის მეფე სალმანი

მართალი ხართ, საუდის არაბეთის მონარქი რუსეთს პირველად ეწვია. მათი მხრიდან ეს რუსეთის გავლენის აღიარება და იმის დემონსტრირებაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მეფეს ეს არ მოსწონდეს, პუტინთან დადებითი ურთიეთრობა სამეფოს ინტერესებში შედის. რუსეთის მხრიდან კი რამდენიმე რამ ხდება. კრემლი ნულოვანი ჯამის თამაშს თამაშობს - ანუ მათი აზრით, რუსეთი გამარჯვებული ვერ იქნება, თუ ამერიკა არ დამარცხდა. ცივი ომის დროიდან დღემდე, კრემლი ამერიკის მოკავშირეების საკუთარ მხარეზე გადაბირებას ცდილობს. სუნიტები ტრადიციულად დასავლეთის პარტნიორები არიან და ამიტომაცაა ასეთი საყურადღებო საუდის არაბეთის მოქმედება.

რუსეთსა და ირანს შორის დაპირისპირების გაჩენის საბაბს ხედავთ, განსაკუთრებით, სირიის ომის შემდეგ?

სირიასთან დაკავშირებით მათ უთანხმოება ბევრ საკითხში აქვთ. თუმცა ეს აზრთა სხადასხვაობა, ძირითადად, ტაქტიკურ განსხვავებებზე მიუთითებს. საბოლოო ჯამში, მოსკოვს და თეირანს ამერიკის წინააღმდეგ გაერთიანება და ახლო აღმოსავლეთში დასავლეთის როლის შესუსტება სურთ. ამ მიზნის მისაღწევად - ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე - ისინი ვფიქრობ ბევრ რამეს დათმობენ ერთმანეთთან. ახლა საუბარია იმაზე, თუ ვინ მოიპოვებს გავლენას სირიაზე ეგრეთწოდებული "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხების შემდეგ.

ამ ყველაფრის ფონზე, როცა ცხადად ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსის ცვლას, სად ხედავთ შეერთებული შტატების როლს?

შეერთებული შტატების როლი ამ რეგიონში მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. დღეს მიმდინარე მოვლენები ნაწილობრივ ამერიკის და დასავლეთის პასიურობას უკავშირდება, რაც წლების მანძილზე გრძელდებოდა. ვხედავთ, რა მოიტანა ამან შედეგად. იქ სადაც ამერიკა არ აქტიურობს, რუსეთი ვაკუუმს ავსებს. ამიტომ შეერთებული შტატები მნიშვნელოვნად უნდა გააქტიურდეს.

ბორჩევსკაია: ახლო აღმოსავლეთში რუსეთი ვაკუუმს ავსებს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:19 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG