შეერთებული შტატების ავტომწარმოებლები და დილერები ახალ კოალიციას ქმნიან. მისი მიზანია, პრეზიდენტი ტრამპი, თეთრი სახლი და ამერიკელი ამომრჩეველი დაარწმუნოს იმაში, რომ "ნაფტას" სახელწოდებით ცნობილი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალაში დარჩეს.
შეთანხმება სამ ქვეყანას, შეერთებულ შტატებს, კანადასა და მექსიკას შორის მოქმედებს. დონალდ ტრამპი ხელშეკრულებას კანდიდატობის და პრეზიდენტობის პერიოდშიც აკრიტიკებდა და მისი დატოვებით, ან შეცვლით იმუქრებოდა.
ახალი კოალიციის სახელწოდებაა "ამერიკული სამუშაო ადგილების მამოძრავებელი ძალა". მასში ერთიანდებიან ავტოსავაჭრო ორგანიზაციები, როგორიცაა "ჯენერალ მოტორსი", "ფორდ მოტორსი", "ტოიოტა მოტორსი" და თითქმის ყველა წამყვანი ავტომწარმოებელი კომპანია.
კოალიცია აცხადებს, რომ "ნაფტას" დასრულებით, რომელიც სამ სახელმწიფოს შორის წლიური 1.2 ტრილიონი დოლარის ოდენობის ვაჭრობას მოიცავს, ამერიკული ავტოსექტორის სამუშაო ადგილები დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდება. "ნაფტას" ხელშეკრულებით "ჩვენ მოგებული ვართ" - ნათქვამია კოალიციის ვებგვერდზე გაკეთებულ განცხადებაში.