შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა, საზღვაო და წყალქვეშა ხომალდებმა ჰუთი მებრძოლების პოზიციებს შეუტიეს. ეს იყო საპასუხო ნაბიჯი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების მიერ, წითელ ზღვაში მოძრავ გემებზე მომხდარ თავდასხმებზე.
მას შემდეგ, რაც ისრაელმა "ჰამასს" ომი გამოუცხადა, იზრდება შიში იმის თაობაზე, რომ კონფლიქტი შესაძლოა რეგიონში უფრო ფართოდ გავრცელდეს. ამას ადასტურებს დაპირისპირება წითელ ზღვაში, სადაც კომერციულ რეისებზე ჰუთების თავდასხმა გახშირდა.
თვითმხილველების განცხადებით, იემენის რამდენიმე ქალაქში აფეთქებები მოხდა. მათ შორის - დედაქალაქ სანაში და სიდიდით მესამე ქალაქ ტაიზში, აეროპორტების სიახლოვეს, წითელი ზღვის მნიშვნელოვან პორტ ჰოოდეიდას საზღვაო ბაზასთან და სხვა სანაპირო სამხედრო ობიექტებზე.
"ეს მიზანმიმართული იერიშები ნათელი გზავნილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები არ შეეგუებიან ჩვენს პერსონალზე თავდასხმებს და არ დაუშვებენ იმას, რომ მტრულად განწყობილმა აქტორებმა ნაოსნობის თავისუფლება შეზღუდონ", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
Your browser doesn’t support HTML5
ჰუთების დაჯგუფების განცხადებით, სულ 73 საჰაერო თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც მათი ხუთი მებრძოლი დაიღუპა. რაც შეეხება ზღვაში გემებზე მიტანილ იერიშებს, ისინი მათ შეწყვეტას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ეს ქმედებები საჭიროა ისრაელის წინააღმდეგ პალესტინელთა მხარდასაჭერად.
"ჩვენ დავინახეთ დიდი ცეცხლი იქით, სადაც თავდასხმა მოხდა. ეს ტერორის ნახევარი საათი იყო", - ამბობს სანას მცხოვრები ჟურნალისტებთან საუბარში და დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე აეროპორტზე ემიუთითებს.
ახლო აღმოსავლეთში ამერიკის საჰაერო ოპერაციების მეთაური, გენერალი ალექს გრინკევიჩი ამბობს, რომ თავდასხმის სამიზნე 16 ადგილზე განთავსებული 60 ობიექტი იყო. იერიშისას კი 100-ზე მეტი ზუსტი დამიზნების მართვადი ჭურვი გამოიყენეს.
ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებით, ეს სამიზნეები არ იყო მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობის და მათზე დარტყმის მიზანი სწორედ ჰუთების შესაძლებლობების დასუსტება იყო იმისთვის, რომ მათ ვეღარ შეძლონ საერთაშორისო წყლებში თავდასხმების გაგრძელება.
ასევე ნახეთ: ამერიკამ წითელ ზღვაში თავდასხმაზე პასუხად, ჰუთების 3 გემი ჩაძირა და 10 მებრძოლი მოკლა