ელჩი დეგნანი: აშშ-ს სურს, რომ საქართველომ გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

„ჩემი საქმე ნამდვილად არ არის ადამიანების კატეგორიებზე იარლიყების მიწებება და ვფიქრობ, ეს არის მთავარი საკითხიდან გადახვევა. ვთვლი, რომ პრეზიდენტმა მიიღო ძალიან თამამი და გაბედული გადაწყვეტილება საქართველოს დაძაბული პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად“ - ასეთი პასუხი გასცა აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ონლაინ პრესკონფერენციაზე "ამერიკის ხმის" შეკითხვაზე მიაჩნია თუ არა, ციხიდან გათავისუფლებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი (და ასევე, ციხეში დარჩენილი გიორგი რურუა) პოლიტპატიმრებად.

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის კომენტარი

უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

დეგნანმა თავი შეიკავა შეფასებისგან, თუმცა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მათი შეწყალებით გაბედული ნაბიჯი გადადგა: „მისი განცხადებებიდან სრულიად ნათელი იყო, რომ ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მან ქვეყნის ინტერესი დააყენა პირად მოსაზრებებზე წინ, რაც უნდა გააკეთოს კიდეც ლიდერმა. ნამდვილად მაქვს იმედი, რომ მისი ეს ქმედება დაეხმარება პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზაციას და შექმნის პირობებს ამ შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის. ეს არის სინამდვილეში მიზანი: საქართველომ გადადგას ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიისა და დემოკრატიის ინსტიტუტების გაძლიერების გზაზე იმისათვის, რათა დაანახოს მსოფლიოს, რომელიც მას დააკვირდება, რომ მას შეუძლია სანდო, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.“

რურუას გათავისუფლებაზე

„ჩემი მხრიდან, მიზანშეწონილი არ იქნება, ვისაუბრო საქმეზე, რომელიც ჯერ კიდევ სასამართლოში განიხილება. როგორც ფასილიტატორი, ვფიქრობ, რომ 8 მარტის შეთანხმება თავისთავად ნათელია, მხარეებმა იციან, რას გულისხმობს ის. მათ თავად შეიმუშავეს პირობები და არა ფასილიტატორებმა, ამიტომ ფასილიტატორების როლი არ არის შეთანხმების ინტერპრეტირება. შეთანხმების სრულად განხორციელება არის ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში, რადგანაც მიმართულია პარალიზებული პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციისკენ და უკეთესი პირობების შექმნისაკენ 2020 წლის არჩევნებისთვის”

ამერიკელი კონგრენსმენების წერილებზე

“ყოველთვის ვყოყმანობ ამერიკის ხელისუფლების სხვა შტოს მოქმედებებზე კომენტირების საკითხზე, რადგან კონგრესი არის ძალიან დამოუკიდებელი და ძალიან ამაყიც ასეთი დამოუკიდებლობით აღმასრულებელი შტოსგან, რომელსაც მე წარმოვადგენ. რაშიც შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, არის ის, რომ ნებისმიერი კომენტარი, რომელიც აშშ-დან მოდის, მოდის ადამიანებისგან, ჯგუფებისგან, რომლებსაც გულწრფელად სურთ საქართველოს წარმატება. მათ სურთ, რომ საქართველომ გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მათ სურთ, რომ საქართველომ აისრულოს მისივე ოცნება - ჰქონდეს უფრო თავისუფალი, მძლავრი დემოკრატიული საზოგადოება, რომელიც იქნება აგრეთვე ეკონომიკურად განვითარებული და თავის ხალხს შესთავაზებს მრავალფეროვან ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომლებსაც ის იმსახურებს. ვფიქრობ და იმედს ვიქონიებდი, რომ ნებისმიერი სახის გამოხმაურება, რომელსაც საქართველო იღებს, სწორედ ამ სულისკვეთებით და საქართველოს წარმატების ხელშეწყობის სურვილით არის გამსჭვალული“

საკონსტიტუციო ცვლილებებზე

“საკონსტიტუციო ცვლილებები არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელიც პროპროციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, რაც უზრუნველყოფს უფრო მეტ პლურალიზმს პარლამენტში. ვიმედოვნებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილია, დამტკიცებული იქნება პარლამენტის მიერ. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რა თქმა უნდა, შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მხარეებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ მოლაპარაკებებში, უნდა შეასრულონ მათ მიერ აღებული ვალდებულება. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ საქართველო მიიღებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს”

8 მარტის შეთანხმებაზე და საარჩევნო რეფორმაზე

"აშშ მოუწოდებს ყველა მხარეს, ბოლომდე შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება. მხარეებმა განსაზღვრეს შეთანხმების პირობები, რომელთა მიზანია საქართველოს დაძაბული პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზაცია. შეთანხმების შესრულება შექმნის გარემოსა და შესაძლებლობას მეტი პლურალიზმისთვის მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში, რაც საქართველოს მოქალაქეების მიერ გაცხადებული სურვილია. ვაგრძელებთ აგრეთვე მუშაობას პარლამენტთან - საარჩევნო რეფორმებზე, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ამ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებისთვის.

აშშ საქართველოს სთავაზობს ექსპერტულ მეგზურობას და რჩევებს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობაზე იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეუთოს რეკომენდაციები სრულად იყოს მოცული საკანონმდებლო ცვლილებებით. ეს რეკომენდაციები შედგენილია საგანგებოდ იმგვარად, რომ აღმოფხვრას წინა არჩევნების ხარვეზები და ხელი შეუწყოს სანდო, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ოქტომბერში. ეუთოს ზოგიერთი რეკომენდაცია ამ ორგანიზაციის ანგარიშებში აისახება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდანაც კი. პარლამენტის სპიკერმა გამართა რამდენიმე ინკლუზიური მოსმენა გასულ თვეში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის უახლესი ვერსიის განსახილველად. მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ ეს პროექტი შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. თუმცა, ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი.

ვიმედოვნებთ, კანონმდებლობის საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებული იქნება ექსპერტების რეკომენდაციები, რომ გაძლიერდეს ამომრჩევლის დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენების საწინაღმდეგო მუხლები, აგრეთვე შევა ცვლილებები საარჩევნო დავების წარმართვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობისა და არაერთ სხვა საკითხზე. ჩვენ გვაშფოთებს ახალი ცვლილებები, რომლებითაც რეგულირდება საარჩევნო მონაცემების გამოქვეყნება, რითაც შეიძლება შეიზღუდოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის“

სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ინვესტიციებზე

"იმისათვის, რომ ქვეყანამ მოიზიდოს ინვესტიციები და შექმნას უფრო ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო, აუცილებელია დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო სისტემა. როდესაც ინვესტორი მოდის ქვეყანაში, მას უნდა ჰქონდეს იმისი რწმენა, რომ სასამართლო სისტემა არის სანდო, მისი დავა დროულად და სამართლიანად გადაწყდება. ამის გარეშე ინვესტორი თავის ფულს სხვაგან წაიღებს. სწორედ ამიტომ, აშშ წლების მანძილზე მხარს უჭერს საქართველოში სასამართლო სისტემის განვითარებას, რომლის შიგნითაც ძალიან ბევრი პროფესიონალია. სანდო, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა იქნება კიდევ უფრო მეტი გარანტია, რომ მეტი ინვესტიცია შემოვიდეს.

ჩვენ ვისურვებდით, მეტ ამერიკულ კომპანიას განეხორციელებინა ინვესტიცია საქართველოში და მეტ ქართულ კომპანიას ჩაედო ინვესტიცია აშშ-ში. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ამ შესაძლებლობებზე და გარკვეული კავშირების ხელშეწყობაზე. COVID-ის დროს დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ვაჭრობისა და საქონლის მოძრაობის შენარჩუნება. ფოთის პორტი თითქმის სრული დატვირთვით მუშაობს, რაც აჩვენებს, რომ არის მოთხოვნა, არის შესაძლებლობები ამ რეგიონში და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ ითამაშოს რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის როლი, რისკენაც, როგორც ვფიქრობ, საქართველო მიისწრაფვის. გაგვიხარდებოდა აშშ-ის კომპანიების მონაწილეობა ამის მიღწევაში. იმედი მაქვს, ამერიკული კომპანიები მოხარულები იქნებოდნენ ეხილათ განვითარების საფინანსო კორპორაციის სესხის პირველი ტრანში ფოთის პორტის ტერმინალებისთვის მათი პროექტის ფარგლებში, რაც არის საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართ ამერიკული ინტერესის დიდი ნიშანი. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ნებისმიერი უცხოელი ინვესტორის, ზოგადად ინვესტორის, მაგრამ უცხოელი და მათ შორის ამერიკელი ინვესტორის მოსაზიდად ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების არსებობას“.

რუსულ ოკუპაციაზე

"აშშ კვლავაც ერთგულია საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის, რაც მოიცავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. სწორედ ამიტომ, ჩემი პირველი გასვლა თბილისიდან იყო ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, ოძისში და ჩემი ეს ვიზიტი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მიერ. უნდა ვთქვა, რომ სულისშემძვრელი იყო იმის ნახვა, როგორ არიან გაყოფილი ოჯახები და თემები, როგორ აქვთ წართმეული ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ჯანდაცვაზე მისაწვდომობა, რაც გადაარჩენდა მათ სიცოცხლეს, ბავშვებისთვის მიუწვდომელია განათლება, რაც მათ ეკუთვნით.

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რომლებიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აიღო! ამ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმა დაიმსახურეს იხილონ მნიშვნელოვანი პროგრესი ამ კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით“