ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიგით მეცხრე - კელი დეგნანი


კელი დეგნანი
კელი დეგნანი

„ჩვენ მივესალმებით, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, პირველი ელჩის დანიშვნას საქართველოში. აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მას შემდეგ, რაც ქ-ნი დეგნანი ოფიციალურად დამტკიცდება, ჩვენ მასთან, რა თქმა უნდა, აქტიურად ვითანამშრომლებთ“ - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კელი დეგნანის წარდგენასთან დაკავშირებით.

აშშ-ს საქართველოში ელჩი 2018 წლის აპრილიდან არ ჰყავს, როცა საქართველოში სამწლიანი მოღვაწეობა რიგით მერვე ელჩმა იან კელიმ დაასრულა. კელის შემდეგ, აშშ-ის ელჩის მოვალეობას ჯერ ელიზაბეთ რუდი ასრულებდა, შემდეგ დროებითი რწმუნებულის სტატუსით - როს უილსონი. 2018 წლის ივნისიდან დღემდე კი ისევ ელიზაბეთ რუდი ასრულებს.

2018 წლის დეკემბერში, ამერიკულმა გამოცემა Foreign Policy-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩად ბრიჯეტ ბრინკის დანიშვნა დაბლოკა, რადგან იგი ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად მიიჩნია. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

მანამდე, თბილისში ვიზიტით მყოფმა, აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა ბრძანა, რომ „საქართველოში აშშ-ის ელჩის შერჩევა სენატის მიერ ელჩის დამტკიცების რთულ პროცესს უკავშირდება“.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტიძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ამდენი ხნის მანძილზე, ელჩის არდანიშვნა ნეგატიურად აღიქმებოდა:

ბუნებრივია, ფაქტი, რომ აშშ-ს უკვე წელიწადნახევარია საქართველოში ელჩი არ ჰყავს, ნეგატიურად აღიქმებოდა. ელჩის წარდგენა უდაოდ მისასალმებელი ფაქტია. მით უმეტეს, როდესაც ნიშნავ კარიერულ დიპლომატს, 25 წლიანი გამოცდილებით"
ნიკა ჩიტიძე, პოლიტოლოგი


„ბუნებრივია, ფაქტი, რომ აშშ-ს უკვე წელიწადნახევარია საქართველოში ელჩი არ ჰყავს, ნეგატიურად აღიქმებოდა. ვფიქრობ, ამანაც შეუწყო ხელი გარკვეულ მითქმა მოთქმას, რომ ოფიციალურმა თბილისმა ბრინკის კანდიდატურა დაბლოკა.

რა თქმა უნდა, ვერ ვიტყოდი, რომ ელჩის არყოლამ რაიმე სერიოზული გავლენა მოახდინა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობაზე. ორმხრივი თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება ყველა, მათ შორის, სამხედრო სფეროში, ამერიკის დახმარება არ შემცირებულა, თუმცა ელჩის წარდგენა, უდაოდ, მისასალმებელი ფაქტია.

მით უმეტეს, როდესაც ნიშნავს კარიერულ დიპლომატს, 25 წლიანი გამოცდილებით, რომელსაც უმუშავია ისეთ ცხელ წერტილებში, როგორიც არის ავღანეთი და კოსოვო.“

კელი დეგნანი ამ დრომდე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის პოლიტიკური მრჩეველია. 25 წლის მანძილზე მას ასევე უმუშავია იტალიაში, სან მარინოსა და კოსოვოში აშშ-ის ელჩის მოადგილედ, თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ, ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენლად, ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენლობაში და პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ოპოზიციიდან სერგი კაპანაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია კელი დეგნანი ქვეყანაში უახლოეს დროში ჩამოვიდეს:

იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩის საქართველოში ჩამოსვლა უახლოეს ხანში მოხდება, აქ არის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, არა მხოლოდ საგარეო-პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით, არამედ შიდა პოლიტიკური თემები“
სერგი კაპანაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი


„მას ძალიან კარგი დიპლომატიური გამოცდილება აქვს, იმედი მაქვს, რომ დეგნანის კანდიდატურის დამტკიცება და საქართველოში ჩამოსვლა უახლოეს ხანში მოხდება, იმიტომ რომ აქ არის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი. არა მხოლოდ საგარეო-პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით, არამედ შიდა პოლიტიკური თემები.“

მას შემდეგ რაც სენატი კელი დეგნანს დაამტკიცებს, ის გახდება აშშ-ის რიგით მეცხრე ელჩი და პირველი ქალი, რომელიც თბილისში ამერიკული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სტატუსით იმუშავებს.

აშშ-ს ელჩები საქართველოში

კენტ ბრაუნი 1992-1995

უილიამ კორტნი 1995-1997

კენეტ იალოვიცი 1998-2001

რიჩარდ მაილსი 2002-2005

ჯონ ტეფტი 2005-2009

ჯონ ბასი 2009-2012

რიჩარდ ნორლანდი 2013-2016

იან კელი 2016-2018

(ნომინირებული) კელი დეგნანი 2019-დან

აშშ-ს პირველი ელჩი საქართველოში კენტ ბრაუნი
აშშ-ს პირველი ელჩი საქართველოში კენტ ბრაუნი

Facebook Forum

XS
SM
MD
LG