„ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ კანონპროექტს ალბათ სენატშიც არ უყრიან კენჭს“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. საუბარია საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილებაზე, რაზეც კვირას სენატორებმა ორპარტიული თანხმობით მიღწეული, კომპრომისული კანონპროექტი წარადგინეს. მაგრამ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა ლიდერმა თქვა, რომ ის „ჩავარდნისთვისაა განწირული“. მოგვიანებით 20-ზე მეტმა რესპუბლიკელმა სენატორმაც გამოთქვა კრიტიკული შეფასებები და განაცხადა, რომ კანონპროექტი საკმარისად მკაცრი არ არის.
პრეზიდენტი ბაიდენი ამ კანონპროექტის ჩაგდების ძალისხმევაში წინამორბედს, დონალდ ტრამპს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ამ შეთანხმების მიღწევა ყოფილი პრეზიდენტისთვის „პოლიტიკურად ხელსაყრელი“ არ იქნება. ბაიდენი მიიჩნევს, რომ რესპუბლიკელი კანონმდებლები დონალდ ტრამპის წნეხის ქვეშ არიან, რომ მათ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ მისცენ ხმა. მისი თქმით, კონგრესმენებმა სიმტკიცე უნდა გამოიჩინონ და ამერიკელ ხალხს აჩვენონ, რომ გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც იციან, რომ მართებული იქნება.
Your browser doesn’t support HTML5
სენატის დემოკრატი უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა სამშაბათს ასევე გააკრიტიკა ყოფილი პრეზიდენტი და თქვა, რომ ის სასაზღვრო უსაფრთხოების თაობაზე წინააღმდეგობის მთავარი წამქეზებელია:
„დონალდ ტრამპს ურჩევნია საზღვარზე ქაოსი შეინარჩუნოს, რათა ეს კამპანიისას გამოიყენოს. ვიდრე მისცეს სენატს იმის საშუალება, რომ გადადგას მართებული ნაბიჯი და ეს [სიტუაცია] გამოასწოროს“, - თქვა შუმერმა.
დონალდ ტრამპი კომპრომისულ ვატიანტს სოციალურ პლატფორმა Truth-ზე გამოეხმაურა:
"მხოლოდ სულელი, ან რადიკალი მემარცხენე დემოკრატი დაუჭერს მხარს ამ საშინელ კანონპროექტს საზღვრის შესახებ. ის საზღვრის ჩაკეტვის უფლებამოსილებას იძლევა დღეში მხოლოდ 5 000 შემომსვლელის შემდეგ. ეს მაშინ, როცა საზღვრის ჩაკეტვის უფლება ახლა უკვე გვაქვს, ეს უნდა გაკეთდეს", - დაწერა ყოფილმა პრეზიდენტმა ორშაბათს. მან თქვა, რომ ამ კანონპროექტის დამტკიცება "საჩუქარი" იქნება დემოკრატებისთვის და სასიკვდილო განაჩენი რესპუბლიკური პარტიისთვის, რადგან დემოკრატების მიერ საზღვართან დაკავშირებით გადადგმულ საშინელ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობას უკვე რესპუბლიკელებს დააკისრებს. "ნუ იქნებით სულელები!" - მიმართა თანაპარტიელებს დონალდ ტრამპმა.
მისი განცხადებით, საჭიროა საზღვრის უსაფრთხოებასა და იმიგრაციასთან დაკავშირებული ცალკე კანონპროეექტი, რომელიც არც ერთი ფორმით არ დაუკავშირდება საგარეო დახმარების საკითხს.
"დემოკრატებმა გააფუჭეს იმიგრაციისა და საზღვრის [პოლიტიკა]. მათ ეს უნდა გამოასწორონ. ამერიკა ისევ დიდებული უნდა გავხადოთ" - ამბობს ყოფილი პრეზიდენტი.
20 ოქტომბერს პრეზიდენტ ბაიდენის მიერ კონგრესისთვის წარდგენილი კანონპროექტი 106 მილიარდ დოლარზე მეტ დახმარებას ითვალისწინებდა. უკრაინას 61 მილიარდზე მეტი უნდა მიეღო, ისრაელს 14 მილიარდზე მეტი. დაახლოებით ამდენივე სასაზღვრო უსაფრთხოებისთვის იყო განკუთვნილი. 10 მილიარდი დოლარი კი უკრაინასა თუ ღაზაში ჰუმანიტარულ საჭიროებებს უნდა მოხმარებოდა. ამასთან, დახმარება უნდა მიეღოთ ამერიკის პარტნიორებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონშიც.
თუმცა პაკეტის დამტკიცებაზე დემოკრატიული ადმინისტრაცია და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური უმრავლესობა უკვე მეოთხე თვეა ვერ თანხმდება.
რესპუბლიკელ კანონმდებელთა ნაწილი ამბობს, რომ პაკეტს მხარს მანამ არ დაუჭერს, სანამ ის ამერიკის სამხრეთ საზღვრის დაცვის მეტ და უფრო მკაცრ გარანტიებს არ მოიცავს. ისინი დემოკრატ პრეზიდენტს და თეთრ სახლს საზღვარზე „კატასტროფული ვითარების“ შექმნაში ადანაშაულებენ და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვენ.
კვირას ორივე პარტის სენატორებმა კომპრომისული ვარიანტი წარმოადგინეს, რომლის თანახმადაც, 118 მილიარდი დოლარი უკრაინის დახმარებაზე და ახალ სასაზღვრო პოლიტიკაზე უნდა გადანაწილდეს. საერთო ვერსიის ავტორები ამბობენ, რომ ეს წლების განმავლობაში სადავო საიმიგრაციო კანონმდებლობის ცვლილების საუკეთესო შესაძლებლობაა.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ოთხშაბათს პირველადი კენჭისყრა დანიშნა და თქვა, რომ ამ კანონპროექტის პრიორიტეტები ზედმეტად არსებითი მნიშვნელობისაა საიმისოდ, რომ მის მიღებას ხელი პოლიტიკამ შეუშალოს. პრეზიდენტმა ბაიდენმა კი თქვა, რომ ის ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მკაცრი და სამართლიანი სასაზღვრო რეფორმების საწინდარი იქნება.
„ახლა პალატის რესპუბლიკელებმა უნდა გადაწყვიტონ. სურთ პრობლემის მოგვარება თუ სურთ საზღვრის პოლიტიკით თამაში?“, - თქვა მან.
კანონპროექტის გამოქვეყნებიდან მალევე, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა თქვა, რომ ის იმაზე უარესი იყო, ვიდრე ელოდნენ, და რომ მისი კენჭისყრა ჩავარდნისთვისაა განწირული.