ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სენატის კანონპროექტის ბედი უკრაინის დახმარებაზე კვლავ გაურკვეველია


აშშ-ის სენატის ახლად გამოქვეყნებული კანონპროექტის მომავალი გაურკვეველია, მიუხედავად ორპარტიული მცდელობისა, რომ ოთხთვიანი მოლაპარაკებები დასრულებულიყო. კანონმდებლები უკრაინის და ისრაელის დახმარების და ამერიკის საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხებზე ცდილობენ შეთანხმებას. კანონპროექტს წარმომადგენეთა პალატაში, რესპუბლიკელი კანონმდებლების ნაწილი არ ემხრობა. უკრაინისთვის დახმარებას ისინი ამერიკის საიმიგრაციო პოლიტიკას უკავშირებენ და ითხოვენ რომ ადმინისტრაციამ გაამკაცროს სამხრეთ საზღვრის დაცვა.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ოთხშაბათს პირველადი კენჭისყრა დანიშნა და თქვა, რომ კანონპროექტის პრიორიტეტები „ზედმეტად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ მას პოლიტიკამ ხელი შეუშალოს".

მაგრამ მალევე მას შემდეგ, რაც კვირას კანონპროექტი გამოქვეყნდა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა თქვა, რომ მას რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში მხარს არ დაუჭერენ.

კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს, მის ფარგლებში ისრაელი 14 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს უსაფრთხოების დახმარების სახით და 10 მილიარდი აშშ დოლარი მოხმარდება ჰუმანიტარულ დახმარებას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის კონფლიქტის ზონებში, როგორიცაა უკრაინა, ღაზას სექტორი და დასავლეთ სანაპირო. კიდევ 2,4 მილიარდი დოლარი დააფინანსებს აშშ-ის სამხედრო ძალისხმევას წითელ ზღვაში თავდასხმების წინააღმდეგ, ხოლო 4,8 მილიარდი დოლარი დაეხმარება პარტნიორებს, რომლებიც ჩინეთის აგრესიის წინაშე დგანან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა ნაწილმა და ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკეს სენატის ინიციატივა და თქვეს, რომ ის არ მოიცავს საკმარის პირობებს საზღვრის უსაფრთხოებისთვის.

„ეს კანონპროექტი იმაზე უარესიც კია, ვიდრე ველოდით და არ ემსახურება პრეზიდენტის მიერ შექმნილი სასაზღვრო კატასტროფის დასრულებას“, - თქვა ჯონსონმა X-ზე.

ბაიდენმა შეაქო სენატის კანონპროექტი და თქვა, რომ ის „მოიცავს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მკაცრ და სამართლიანს სასაზღვრო რეფორმებს“. „ახლა პალატის რესპუბლიკელებმა უნდა გადაწყვიტონ. მათ სურთ პრობლემის მოგვარება? თუ სურთ საზღვრის პოლიტიკით თამაში?” ნათქვამია ბაიდენმა განცხადებაში.

კანონპროექტი მოიცავს უფრო მკაცრ და სწრაფ პროცესს თავშესაფრის მაძიებლებისთვის. მათ, ვინც გაივლის შემოწმებას, მიეცემა სამუშაო ნებართვა. თავშესაფრის შესახებ გასაუბრება ჩატარდება ჩამოსვლის პირველივე დღეებში და საბოლოო გადაწყვეტილებები მიიღება თვეების განმავლობაში. ამჟამად, მთელ პროცესს შეიძლება წლები დასჭირდეს.

გარდა ამისა, იმ დღეებში, როდესაც საზღვრის უკანონო გადაკვეთის ხუთდღიანი საშუალო მაჩვენებელი დღეში 5000-ს გადააჭარბებს, პრეზიდენტს ექნება უფლება გააძევოს ისინი, ვინც უკანონოდ გადაკვეთს საზღვარს, მათთვის თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობის მიცემის გარეშე. მიგრანტებს კვლავ შეეძლებათ მივიდნენ სასაზღვრო პორტებში თავშესაფრის მოპოვების მიზნით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG