შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თქვა, რომ არსებობს გეგმა, რომელიც ავღანეთში ამერიკული ძალების 14 ათასი ჯარისკაციდან 8 ათას ექვსასამდე შემცირებას ითვალისწინებს და ამერიკული ძალები ქვეყანაში დარჩება იმ შემთხვევაშიც, თუ თალიბანთან 18 წლიანი ომის დამთავრების შეთანხმება შედგება.
ტრამპმა ჯარების შემცირების გრაფიკი არ წარმოადგინა, მაგრამ თქვა, რომ თავდაპირველი შეკვეცის შემდეგ, შესაძლო იქნება დამატებითი შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.
საზღვაო ქვეითების გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა იმედი გამოთქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმება „სტატუს ქვოს დარღვევას“ გამოიწვევს, რაც კონფლიქტის გადაწყვეტის მიმართულებით მოძრაობისთვისაა საჭირო. მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი შეთანხმება „პირობებზე დაფუძნებული“ იქნება, და საჭირო იქნება არ დაუშვას ავღანეთი გახდეს „სავანე“ ტერორისტებისთვის, რომლებიც შეერთებული შტატების წინააღმდეგ თავდასხმებს განახორციელებენ.
თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა თქვა, რომ ყველა ვარიანტი განიხილება.
შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თალიბანი ვალდებული იქნება მეამბოხეთა მიერ კონტროლირებულ ავღანეთის ტერიტორიაზე არ დაუშვას უსაფრთხო სივრცის შექმნა და ქვეყანაში მყოფი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების დამარცხებას დაეხმაროს.