ნატოს ჯარისკაცების სკანდალური ფოტოები

„ლოს ანჯელეს თაიმსის“ გვერდებზე ნატოს ჯარისკაცების სკანდალური ფოტოები გამოქვეყნდა. 2010 წელს გადაღებულ სურათებზე ისინი გარდაცვლილი ავღანელი თვითმკვლელი ტერორისტების ფონზე არიან გამოსახულნი. რედაქციამ 18 ფოტოდან მხოლოდ 2-ის გამოქვეყნება გადაწყვიტა.

შეერთებული შტატების ელჩმა ავღანეთში, რაიან კროკერმა და ნატოს სამხედრო ხელმძღვანელობამ აღნიშნული ფაქტი ერთხმად დაგმეს. ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების სარდალმა, გენერალმა ჯონ ალენმა განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედება სრულებით არ შეესაბამება ავღანეთში დისლოცირებული შეერთებული შტატების და საერთაშორისო შეიარაღებული ძალების პოლიტიკას. მსგავსი საქციელი „აუფასურებს ჩვენი ჯარისკაცების მიერ ყოველდღიურად გაღებულ მსხვერპლს“, აღნიშნა გენერალმა ალენმა და პირობა დადო, რომ ამ ფაქტებს გულდასმით გამოიძიებენ.