ჟურნალისტებმა სკრიპალებზე თავდასხმაში მეორე ეჭვმიტანილიც ამოიცნეს

ვებ-გვერდმა "ბელიკეტმა" (Bellingcat) ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ორივე ის ადამიანი, რომლებსაც ბრიტანეთი სკრიპალების მოწამვლაში ადანაშაულებს, რუსეთის დაზვერვის თანამშრომელია.

ბოლო ცნობებით, საგამოძიებო ვებ-გვერდმა მეორე ეჭვმიტანილში ალექსანდრ მიშკინი ამოიცნო. მიშკინი ალექსანდრ პეტროვის სახელზე მოქმედი პასპორტით მოგზაურობდა. მათი თქმით, ის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (გრუ-ს) ექიმია. გასულ თვეში Bellingcat-ის წარმომადგენლებმა თავიანთ პარტნიორებთან, გამოცემა "ინსაიდერის" (Insider) გამომძიებელ ჟურნალისტებთან ერთად ასევე დაადგინეს, რომ ერთ-ერთი მათგანი, რომელიც რუსლან ბოშიროვის სახელით წარდგა საზოგადოების წინაშე, სინამდვილეში ვეტერანი ანატოლი ჩეპიგა იყო, დაზვერვის გენერალი.

ჟურნალისტების თქმით, მათ ამჟამად მიშკინი მისი პასპორტის ასლის საშუალებით ამოიცნეს, ასევე იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომლებიც მისმა ნაცნობებმა მიაწოდეს და რაც ღია, საჯარო წყაროებშიც მოიპოვებოდა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მდივანი უილიამ ჰეიგი ამბობს, რომ ამ გამოვლენილმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კრემლი უსასრულოდ იტყუებოდა და რუსეთის ყოფილი ჯაშუშისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის მცდელობის უკან სწორედ მოსკოვი იდგა. მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობამ "თვალი უნდა გაახილოს" იმაზე, რაც რეალურად ხდება.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და კრემლის სხვა წარმომადგენლები ამ ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ დაზვერვის სამსახურები არაფერ შუაშია. მათი თქმით, ის სხვა ბრალდებებიც, რომლებიც ევროპული სახელმწიფოებისგან მოდის, ასევე "ფანტაზიის ნაყოფია" და "ფანტასტიკაა". ყოფილი ორმაგი აგენტის მოწამვლას კი რუსეთი თავად ბრიტანელ აგენტებს აბრალებს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი რუსეთის დასადანაშაულებლად მოაწყვეს.