ბოლო კვირაში 6.6 მილიონზე მეტმა ამერიკელმა მიმართა უმუშევრობის სოციალური დახმარების სამსახურებს. შრომის დეპარტამენტი ასევე იუწყება, რომ ბოლო ორ კვირაში მათი რაოდენობა უკვე 10 მილიონს აღწევს. ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია უმუშევრობის პრობლემის მასშტაბს მთელი სისრულით არ ასახავს.
მსგავსი ზრდა უპრეცედენტოა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. ყველაზე ცუდი კვირა ამ მხრივ ბოლოს 1982 წელს დაფიქსირდა, როცა უმუშევრობის დახმარებისთვის განცხადება 695 000-მა ამერიკელმა შეიტანა.
ეკონომისტები შიშობენ, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომ გავრცელებასთან ერთად, ეკონომიკური რეცესია გარდაუვალი ხდება. ყველაფერთან ერთად, თუ ადრე მსგავს პროცესებს თვეები და ზოგჯერ კვარტლები სჭირდებოდა, ახლა ეს კვირების მანძილზე ხდება.