ზაპორიჟიის სადგურის ტერიტორიაზე ნაღმები იპოვეს

გაეროს ბირთვული დამკვირვებლის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) განცხადებით, ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე მათ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები იპოვეს. ექსპერტების ცნობით, ნაღმები უკრაინის ბირთვული ობიექტის ტერიტორიაზე, მის "პერიფერიულ" ნაწილში იყო დაფლული.

2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სადგურს რუსეთი აკონტროლებს. 6 რეაქტორისგან შემდგარი ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური უდიდესია ევროპის კონტინენტზე. რეაქტორები ამჟამად გამორთულია და ელექტროენერგიას არცერთი მათგანი არ აწარმოებს.

გაეროს ბირთვული დამკვირვებლის განცხადება IAEA-ის ვებგვერდზე 24 ივლისს გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ ექსპერტების ჯგუფმა 23 ივლისს მიმდინარე დათვალიერების დროს, აღმოაჩინა რამდენიმე ნაღმი, "ბუფერულ ზონაში ტერიტორიის შიდა და გარე პერიმეტრის ბარიერებს შორის".

განცხადების მიხედვით, სადგურზე ნაღმების განთავსება წინააღმდეგობაში მოდის "ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უსაფრთხოების სტანდარტებთან და ბირთვული უსაფრთხოების გზამკვლევთან". გაეროს ექსპერტები აგრძელებენ სიტუაციაზე დაკვირვებას და უსაფრთხოების ზომების დაცვას ზაპორიჟიის სადგურზე.

Your browser doesn’t support HTML5

ზაპოროჟიის ატომური სადგური საფრთხის წინაშე