გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკად მოპყრობას. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობას ეხმაურებიან. განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს ასეთ დაწესებულებებში ვითარების კონტროლის შეუზღუდავი შესაძლებლობა.
„მზრუნველობის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ბავშვის უსაფრთხოება, კეთილდღეობა, უფლებების განხორციელება და განვითარება მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ქვეყნის შესაბამისი უწყებების, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის მიერ. საკუთარი მანდატის შესრულებაში ისეთი კონსტიტუციური ერთეულის შეზღუდვა, როგორიცაა სახალხო დამცველის აპარატი, ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს. ამგვარად, ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
Your browser doesn’t support HTML5
გაერო მნიშვნელოვნად აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას ნინოწმინდის სკოლა-პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში ან სხვა ტიპის დაწესებულებაში განთავსებასთან დაკავშირებით და იმედოვნებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება დაწესებულებაში მყოფ ყველა ბავშვზე.
"ბავშვის უფლებათა კონვენციის შესაბამისად, დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვების ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაყვანისას, მნიშვნელოვანია ჩატარდეს შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაო ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ამასთანავე, ბავშვის უპირატესი ინტერესიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა მონაწილე მხარეს, რომ დეინსტიტუციონალიზაციის ყველა ეტაპზე პატივი სცენ ბავშვებისა და მათი ოჯახების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, კონვენციის მე-16 მუხლის შესაბამისად“, - ნათქვამია განცხადებაში.
გაეროს განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მყისიერი და მკაცრი ზომების გატარება დეინსტიტუციონალიზაციის დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და დამტკიცებისთვის.
„ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ შეიქმნას სათანადო მექანიზმი, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობისა და უფლებების უზრუნველსაყოფად ზედამხედველობას გაუწევს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამასთანავე, ინსტიტუციებში მოთავსებული ბავშვებისთვის უნდა შემუშავდეს ინდივიდუალური გეგმები. გეგმების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სასურველია, ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი სოციალური მუშაკებისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისგან (ფსიქოლოგებისა და თერაპევტების ჩათვლით), იმისათვის, რომ ბავშვებმა სრულფასოვანი დახმარება მიიღონ“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ, რომ აუცილებელია სპეციალური ძალისხმევა ოჯახის მხარდამჭერი მექანიზმებისა და, მათ შორის, ბავშვთა დაცვის სისტემის და სოციალური უზრუნველყოფის პროცედურების გაუმჯობესებისთვის.
„და ბოლოს, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ მიიღოთ ზომები მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი უწყებების კონსტიტუციური მანდატის განხორციელებაში შესაძლო ჩარევის აღმოსაფხვრელად და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ბოლოდროინდელი მოთხოვნის შესასრულებლად.
ბავშვზე ზრუნვის ყველა დაწესებულებაში სისტემური გამოწვევების დაძლევის მიზნით, საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განაგრძობს მუშაობას სამთავრობო ინსტიტუტებთან, სახალხო დამცველთან, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ყველა დაინტერესებულ რელიგიურ კონფესიასთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ: ლიეტუვის პრეზიდენტი ხურვალეთში, საოკუპაცია ხაზს სტუმრობსმანამდე გაეროს ბავშვთა ფონდმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბავშვების ინსტიტუციებიდან გამოყვანისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. "იუნისეფი" მზად არის დაეხმაროს მთავრობას, დიდი ინსტიტუციებიდან ბავშვების ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაყვანაში. ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით, გამოძიება უნდა წარიმართოს ბავშვზე მორგებულად.
ნინოწმინდის პანსიონატი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონატში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.
სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონატის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულბაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა.
გარდა 2016-2021 წლებში აღძრული ოთხი სისხლის სამართლის საქმისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედია საშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ). უწყებაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.