ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიკერი საქართველოში: დემოკრატიული განვითარებისთვის კომპრომისი აუცილებელია


ფილიპ რიკერი
ფილიპ რიკერი

საქართველოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიკ რიკერი სტუმრობს. რიკერი შეხვედრებს მართავს, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. საქართველოში ვიზიტი მისი პირველი გაჩერებაა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში. მოგვიანებით ის აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.

შეხვედრების ფონზე რიკერმა, პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ისაუბრა დემოკრატიული განვითარების და დასავლური ინტეგრაციის გზაზე რეფორმების აუცილებლობაზე.

„დღეს მქონდა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან. შეხვედრების მსვლელობისას ყურადღებას ვამახვილებდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში, განსაკუთრებით ამ მდგომარეობაში, როდესაც კოვიდისგან გამოწვეული სიტუაციაა, [სახეზეა] ეკონომიკური პრობლემები და რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“, - თქვა მან, საანგეტო „ინტერპრესნიუსის“ მიხედვით.

მან ისაუბრა 19 აპრილის შეთანხმებაზე, რომელიც მმართველ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის იქნა მიღწეული და ხაზი გაუსვა კომპრომისის აუცილებლობას.

„ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრაზე შევახსენე და უკვე მოგვიანებით, როდესაც ოპოზიციას შევხვდები, მათაც შევახსენებ, რომ კომპრომისი აუცილებელი ნაწილია ნებისმიერი დემოკრატიული განვითარების, განსაკუთრებით ისეთ მრავალპარტიულ და მრავალფეროვან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ჩემი გზავნილი ახლაც და მას შემდეგ, რაც კვლავ დავბრუნდები საქართველოში, გახლავთ ის, რომ აშშ დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას“,- განაცხადა რიკერმა, „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ციტატის მიხედვით.

სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, აღნიშნა, რომ საქართველო, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის პირობებშიც, რჩება ამერიკისთვის სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და შავი ზღვის რეგიონში.

ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც. „ეს ვიზიტი მკაფიოდ ცხადყოფს აშშ-ის მზარდ ინტერესს და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ყურადღება გავამახვილეთ საქართველო - აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მთავარ მიმართულებებზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე", - თქვა მან.

რიკერმა ისაუბრა ასევე საქართველოსთვის ვაქცინის მიწოდებაზე, და განაცხადა, რომ ვაშინგტონი თბილისს ვაქცინით დაეხმარება. „აშშ მხარში უდგას საქართველოს და ვაქცინით დავეხმარებით მას. საქართველო იქნება პირველი იმ ქვეყნებში, ვინც მიიღებს გამოყოფილი 25 მილიონი დოზიდან გარკვეულ რაოდენობას“, - თქვა მან.

გასულ კვირას თეთრმა სახლმა, ვაქცინის გლობალური განაწილების გეგმა გამოაქვეყნა. ჩამონათვალში, იმ პრიორიტეტული ქვეყნებისა, რომლებსაც ვაქცინა მიეწოდებათ, საქართველოცაა. თეთრი სახლი ამბობს, რომ რეგიონული პრიორიტეტების და პარტნიორობის გათვალისწინებით, სხვადასხვა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე, ვაქცინის 6 მილიონ დოზას გადაანაწილებს. ჯერჯერობით უცნობია, რომელი წარმოების ვაქცინაზეა საუბარი.

რიკერი, რომლის ვიზიტიც 13 ივნისამდე გაგრძელდება, ბაქოსა და ერევანსაც ესტუმრება, შემდეგ საქართველოში დაბრუნდება და შეხვედრებს გააგრძელებს.

გასულ კვირას თბილისს სენატის დელეგაცია სტუმრობდა, სენატორ ჯინ შაჰინის ლიდერობით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG