აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი აზერბაიჯანისა და სომხეთის მონახულების შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნდა და მცხეთაში, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ჯვარი მოინახულა.
მე-6 საუკუნის უნიკალური მონასტრის შენარჩუნების პროექტი აშშ-ს ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (AFCP) მიერ 2019 წელს შეირჩა. ბოლო ორი წლის მანძილზე, მცხეთის ჯვარზე კონსერვაციისა და რესტავრაციის სამუშაოები, რომელმაც მონასტრის ოთხივე ფასადი და გუმბათის რვავე მხარე, კედლის ზედაპირის დაახლოებით 1 200 კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა, ამერიკელმა გადამხდელებმა 600 ათას დოლარზე მეტით დააფინანსეს.
მცხეთის ჯვარზე, გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის პროექტი, რომელიც აშშ-ს ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, 2023 წელს უნდა დასრულდეს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად გასული ოცი წლის განმავლობაში $2 მილიონ დოლარამდე ღირებულების, დაახლოებით 21 პროექტი განახორციელა. აქედან, $1 მილიონი დოლარის პროექტები უნიკალური რელიგიური ძეგლების შენარჩუნებასა და დაცვას მოემსახურა.
მართლაც შთამბეჭდავია ეს ძეგლი, როგორც ისტორიულად, ასევე საქართველოს მართლმადიდებლური ტრადიციებიდან გამომდინარე. ვამაყობ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლიათ ამ საოცარი ადგილის აღდგენაში მონაწილეობაფილიპ რიკერი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში
„მართლაც შთამბეჭდავია ეს ძეგლი, როგორც ისტორიულად, ასევე საქართველოს მართლმადიდებლური ტრადიციებიდან გამომდინარე. ვამაყობ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და აშშ-ის საელჩოს შეუძლიათ ამ საოცარი ადგილის აღდგენაში მონაწილეობა" - აღნიშნა მცხეთის ჯვრის მონახულების შემდეგ ფილიპ რიკერმა.
რიკერი თბილისში ერევნიდან დაბრუნდა და პირველი შევხედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და წმინდა სინოდის წევრებთან გამართა. შეხვედრის მთავარი თემა, ჯვრის მონასტრის შენარჩუნების მიმდინარე პროექტთან ერთად, საქართველოს კულტურულ-რელიგიური მემკვიდრეობის დაცვის საქმეში ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობა იყო.
„მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს და გვესაუბრა, რას ვაკეთებთ წმინდა ადგილების მოვლა-პატრონობისთვის და რა მნიშნველოვან როლს თამაშობს მართმადიდებლური ეკლესია ქართულ საზოგადოებაში. პატრიარქს ასევე გადავეცი მოკითხვა სახელმწიფო მდივნისგან ბლინკენისგან და პრეზიდენტ ბაიდენისგან, რომლებიც ასევე პატივს სცემენ ამ ტრადიციებსა და ადგილებს - განაცხადა მცხეთაში ფილიპ რიკერმა.
"პატრიარქს ასევე გადავეცი მოკითხვა სახელმწიფო მდივნისგან ბლინკენისგან და პრეზიდენტ ბაიდენისგან, რომლებიც ასევე პატივს სცემენ ამ ტრადიციებსა და ადგილებს"
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი რიკერი საქართველოში 6 ივნისს ეწვია, მეორე დღეს იგი ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტი რიკერმა თბილისიდან ბაქოში განაგრძო, ერევანში გააგრძელა და კვლავ თბილისში დაბრუნდა. რეგიონული ვიზიტის მიზანი ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების განხორციელების ხელშეწყობა და დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში კავკასიის სამივე ქვეყნისთვის, აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის გამოხატვაა.
Facebook Forum