კლიმატური ცვლილებების, კონფლიქტების და ეკონომიკური არასტაბილურობის შედეგად, საკვების კრიზისი გასულ წელს, 113 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხო. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალ ყოველწლიურ ანგარიშში სახელწოდებით "საკვების კრიზისის გლობალური ანგარიში" ასევე ნათქვამია, რომ 53 ქვეყნიდან, სადაც საკვების მწვავე უკმარისობაა, იემენი ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია და სასწრაფო დახმარებას საჭიროებს. მეორე ადგილზეა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მესამეზე - ავღანეთი.
გაეროს მონაცემებით, ზედიზედ მეასმე წელია, რაც საკვების უკმარისობასთან დაკავშირებული კრიზისი 100 მილიონ ადამიანზე მეტს მოიცავს. თუმცა, 2017 წელთან შედარებით, ვითარება ცოტა გაუმჯობესდა. მაშინ საკვების უკმარისობამ დედამიწაზე 124 მილიონი ადამიანი დააზარალა.
ყველაზე მეტად საკვების კრიზისი სირიელ დევნილებს შეეხო. ასევე მძიმე ვითარებაა ბანგლადეშში, რომელმაც მიანმარიდან დევნილი 700 000-ზე მეტი როჰინგა მუსლიმი შეიფარა. საკვების მწვავე უკმარისობა მძიმედ აისახა მიგრანტებზეც. არსებული ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა ვენესუელაში მომხდარი პოლიტიკური არეულობით.