უკრაინელმა კანონმდებლებმა, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოფიციალური პირის, შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვისგან გადადგომის თხოვნის წერილი მიიღეს. ავაკოვი სამინისტროს შვიდ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ასევე ნახეთ: „უკრაინამ ჯერ კორუფციის დაძლევა უნდა შეძლოს“, - ბაიდენის პასუხი ზელენსკის
57 წლის ავაკოვი ბოლო ოთხი მთავრობის მინისტრი იყო. წერილი გადადგომის თხოვნით, მან პარლამენტში 15 ივლისს გამართულ კენჭისყრამდე ორი დღით ადრე წარადგინა.
ავაკოვმა თავისი უეცარი გადაწყვეტილების მიზეზი არ გაამხილა. არსებობს ვარაუდები, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მის მოხსნას აპირებდა იმის გამო, რომ ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს ზოგიერთ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა, რაც ადმინისტრაციამ ლოიალურობის არარსებობად შეაფასა. ავაკოვი ამ საბჭოს წევრია.
პარლამენტი ავაკოვის შემცვლელზე უკვე 16 ივლისს იმსჯელებს.
ავაკოვის მიერ გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებისთანავე, ზელენსკიმ 40 წლის დენის მონასტირსკი, მისი “ხალხის მსახურის" პარტიის წევრი კანონმდებელი დაასახელა როგორც პირი, რომლითაც გადამდგარი მინისტრის ჩანაცვლება სურდა.
ანალიტიკოსებმა თქვეს, რომ შემცვლელის მყისიერად გამოცხადება ამაგრებს ვარაუდებს, რომ ზელენსკი ავაკოვის მოცილებას გეგმავდა.
ავაკოვი თანამდებობაზე ყოფნის დროს, უკრაინაში დამყოფი ფიგურა იყო და ბოლო წლებში, მათ შორის 2020 წელს, მისი გადადგომის მოთხოვნები ისმოდა.
კრიტიკოსები ავაკოვს ბრალს სდებდნენ იმაში, რომ პოლიციის გადაცდომები არ აღკვეთა, რეფორმები არ გაატარა და ქვეყანაში კანონი და წესრიგი არ გაამყარა. მას ბრალს კორუფციაშიც სდებდნენ.
როგორც ჩანდა, სამინისტროში მისი უწყვეტი ყოფნა ზელენსკის რეიტინგებისთვის დაბრკოლებად იქცა.